ახალი ამბები

მზად ვართ, უკრაინის დელეგაციაში ყველა ოპოზიციური ჯგუფიდან 1 წევრი შევიდეს – მდინარაძე

14 აპრილი, 2022 • 598
მზად ვართ, უკრაინის დელეგაციაში ყველა ოპოზიციური ჯგუფიდან 1 წევრი შევიდეს – მდინარაძე

„ქართული ოცნება“ მზად არის, უკრაინაში წამსვლელ საპარლამენტო დელეგაციაში პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი შევიდეს.

ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გუშინ, 13 აპრილს, გვიან ღამით „იმედის“ ეთერში მას შემდეგ განაცხადა, რაც უკრაინაში წამსვლელი დელეგაციის შემადგენლობაზე ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კონსულტაციები უშედეგოდ დასრულდა.

ბოლო კონსულტაციის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ დელეგაციაში ოპოზიციას მხოლოდ სამ ადგილს სთავაზობდა, რაზეც ოპოზიცია არ თანხმდებოდა.

კონსულტაციების შემდეგ ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია უკრაინაში ცალკე ვიზიტით წავა.

დეკანოიძის ამ განცხადების შემდეგ, გუშინ საღამოს განცხადება გაავრცელა „ლელომ“, რომ მათი პარტიის წარმომადგენელი მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს როგორც ოპოზიციური პარტიების დელეგაციაში, ისე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტში.

ამ განცხადებების შემდეგ კი მდინარაძემ თქვა, რომ რადგან საკითხი „რაოდენობამდე დავიდა“, „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, ყველა ოპოზიციური ჯგუფისთვის დელეგაციაში თითო ადგილი შეეთავაზებინათ.

„ვისაუბრეთ ამ თემაზე და გუნდში გაკვირვებულები ვართ, რომ რაოდენობამდე დავიდა საკითხი – სამი, ოთხი, ექსი თუ შვიდი. ამ შემთხვევაში მაქვს შესაბამისი ლეგიტიმაცია, რომ ეს ვთქვა-თუ რეალურად რაოდენობაზეა ლაპარაკი და ამის გამო ამბობენ ისინი უარს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, მოვუბოდიშოთ ძალიან გულწრფელად ჩვენს თანაგუნდელებს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, უამრავს, რომლებსაც ასევე უნდათ წამოსვლა, იმ სამი ადამიანის გარდა, სტატუსების მიხედვით[არის დელეგაციაში], პროტოკოლური ამბებიც ხომ გვაქვს, და ვუთხრათ ჩვენს ოპოზიციას, რომ კი ბატონო, რამდენი პოლიტიკური ჯგუფიც ხართ, ვინც გამოთქვამს მზადყოფნას, წამობრძანდით თითო“, – განაცხადა მდინარაძემ.


საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კიევში, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს გაემგზავრება. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმდჯომარემ შალვა პაპუაშვილმა თავდაპირველად უკრაინელი კოლეგის მიწვევაზე უარი თქვა და უკრაინაში ჩასასვლელად წინაპირობები წაუყენა, 13 აპრილს კი, ცნობილი გახდა, რომ  დელეგაცია უკრიანაში წავიდოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი