ახალი ამბები

უკრაინაში ვიზიტისთვის დელეგაციას მე დავაკომპლექტებ – პაპუაშვილი

13 აპრილი, 2022 • 1244
უკრაინაში ვიზიტისთვის დელეგაციას მე დავაკომპლექტებ – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში ვიზიტისთვის დელეგაციას თავად დააკომპლექტებს. ამის შესახებ მან დღეს, 13 აპრილს, განაცხადა.

როგორც პაპუაშილი ამბობს, ვინაიდან უკრაინაში ომია, დელეგაცია შემჭიდროებული იქნება. მისი თქმით, დელეგაციაში ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან ვერ იქნებიან წარმოდგენილი.

„ჩვენ გვესმის, რომ უკრაინაში ომია და ვიზიტის ფორმატი არის სხვაგვარი. შესაბამისად, დელეგაციების ვიზიტიც არის მოკლევადიანი და შემჭიდროებული. მე ეს ჩემს უკრაინელ კოლეგასაც ვუთხარი, დღეს მექნება შეხვედრა სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებთან, ამ ვიზიტისთვის დავაკომპლექტებ ჯგუფს, რომელიც იქნება ინტერპარტიული იმისთვის, რომ სხვადასხვა ფრაქცია იყოს წარმოდგენილი. მაქვს გარკვეული მოსაზრებები და გავაცნობ.

ხომ არ შეიძლება, რომ ფორმას მივანიჭოთ მნიშვნელობა და შინაარსი გამოვაცალოთ?! მთავარია, რომ ეს ვიზიტი იქნება პარლამენტის თავმჯდომარის და, შესაბამისად, მაღალი დონის ვიზიტი. თუმცა, უკრაინაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დროში და ფორმატში შემჭიდროებული იქნება. ეს იქნება ჩვენი სოლიდარობის ადგილზე გამოცხადება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გუშინ პარლამენტის წევრები აცხადებდნენ, რომ საპარლამენტო დეგელეგაციაში „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად ყველა საპარლამენტო ჯგუფიდან იქნებოდნენ წარმომადგენლები, გარდა „ევროპელი სოციალისტებისა“.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კიევში, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს გაემგზავრება. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმდჯომარემ შალვა პაპუაშვილმა თავდაპირველად უკრაინელი კოლეგის მიწვევაზე უარი თქვა და უკრაინაში ჩასასვლელად წინაპირობები წაუყენა, დღეს, 13 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო დელეგაცია უკრიანაში პაპუაშვილის ხელმძღვანელობით წავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი