ახალი ამბები

კრემლის გამოხმაურება მედვედჩუკის დაკავებაზე

13 აპრილი, 2022 • 2472
კრემლის გამოხმაურება მედვედჩუკის დაკავებაზე

კრემლი პოლიტიკურ დევნად აფასებს უკრაინელი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის ვიქტორ მედვედჩუკის დაკავებას და აცხადებს, რომ თვალ-ყურს მიადევნებს მის ბედს.

იმავესკენ მოუწოდებს მოსკოვი ევროპელ პოლიტიკოსებსაც. კრემლის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის თქმით, მედვედჩუკის დევნა კიევის რეჟიმის ილუსტრაციაა.

„ეს იგივე სიტუაციაა [პოლიტიკური დევნა] და აქაც მიზანშეწონილია ველოდოთ, რომ ევროპელები შეაჩერებენ კიევის რეჟიმის მიერ ადამიანის დევნას პოლიტიკური შეხედულებების გამო“, — განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, უკრაინელი ოპოზიციონერი ყოველთვის მხარს უჭერდა რუსეთთან ნორმალურ, ურთიერთსასარგებლო და პარტნიორულ ურთიერთობებს, ეს პოზიცია ღია იყო და მედვედჩუკს მოსკოვთან კულისებში ურთიერთობა არ ჰქონდა.

„სხვათა შორის, თავის დროზე მედვედჩუკის და მისი პარტიის იდეები რომ გათვალისწინებული ყოფილიყო და საფუძვლად დასდებოდა უკრაინის სახელმწიფო პოლიტიკას, მაშინ არანაირი სამხედრო ოპერაცია არ იქნებოდა“, — განაცხადა პესკოვმა.

ოლიგარქის უკრაინელ ტყვეებზე გაცვლის შეთავაზების კომენტირებისას კრემლის პრესპიკერმა განაცხადა, რომ ვიქტორ მედვედჩუკი არ არის რუსეთის მოქალაქე და არ აქვს კავშირი სპეცოპერაციასთან, ასევე, უცნობია, სურს თუ არა თავად მედვედჩუკს, მოსკოვმა მონაწილეობა მიიღოს სიტუაციის გადაწყვეტაში. დიმიტრი პესკოვმა მადლობა გადაუხადა მედვედჩუკს “ბოლო წლების განმავლობაში ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტასა” და პატიმრების გაცვლაში შუამავლობისთვის.

„გასაგებია. ბრიტანული სქემაა: სწრაფი სასამართლო პროცესის ჩატარება, სასჯელის შეფარდება და შემდეგ მტკიცებულებების გამოძალვა. მუშაობს უპრობლემოდ“, — დაწერა, თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ტელეგრამის არხში.

ასე უპასუხა მან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს განცხადებას, რომ მედვედჩუკთან დაკავშირებით მართებული იქნება, ჯერ გარკვეული ჩვენებები მისცეს გამოძიებას, ჩატარდეს პროცესი და შემდეგ განიხილონ გაცვლის საკითხი.

უკრაინელი სამხედროს ფორმაში ჩაცმული, ხელბორკილებიანი ვიქტორ მედვედჩუკის ფოტო 12 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა. მოგვიანებით მან თქვა, რომ მედვედჩუკი 48 დღის განმავლობაში იმალებოდა, შემდეგ კი ქვეყნიდან გაქცევას შეეცადა. ზელენსკი რუსეთს სთავაზობს მედვედჩუკის გაცვლას უკრაინელი ტყვეებში.

მედვედჩუკი — ვინ არის და რატომ დააკავეს პუტინის ნათლიმამა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი