„ლელო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროკავშირის კითხვარი და პასუხები საჯარო გახადოს.
საქართველოს 11 პარილს გადმოეცა ევროკავშირში გაწევრიანებსთან დაკავშირებული თვითშეფასების კითხვარი, რომლის შესავსებადაც ერთთვიანი ვადა აქვს.
„მინდა შევუერთდე იმ ადამიანების გულწრფელ სიხარულს, ვისაც ამ ისტორიული მომენტის მნიშვნელობა ესმის, როდესაც ჩვენ მივიღეთ ევროკავშირისგან მართლაც გამოწვდილი ხელი კითხვარის სახით. ამ კითხვარის შევსება არ არის ტექნიკური საკითხი, ეს არის ისტორიული მნიშვნელობის ამოცანა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს უნდა გაიყვანოს. ძალიან ყურადღებით ვუსმენდი, განსაკუთრებით, მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლას. მან ახსენა, რომ ყველამ თავისი წილი აგური უნდა დადოს და არავინ უნდა ჩახერგოს ევროპისკენ მიმავალი გზა. აბსოლუტურად გეთანხმებით ამ სიტყვებში, მაგრამ ამ სიტყვებმა რეალური დატვირთვა რომ შეიძინოს და არ დარჩეს ცარიელ სიტყვებად, მინდა პარლამენტის ტრიბუნიდან მოვუწოდო მმართველ პარტიას და შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუციებს — გახსენით ეს პროცესი! ქართველ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, რა კითხვები ჩამოვიდა ევროკავშირიდან და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რა პასუხებს გააგზავნის მისი სახელით ხელისუფლება ბრიუსელში“, — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, თუ ეს პროცესი არ იქნება გახსნილი, გამჭვირვალე და არ მისცემს საზოგადოებას მასში ჩართვის და კონსტრუქციული როლის შესრულების შესაძლებლობას, მერე ვერავინ მოითხოვს კონსტრუქციულობას ვერავისგან.
„ამიტომ გახსენით ეს პროცესი და მიეცით, მათ შორის პარლამენტს, სრული შესაძლებლობა, განსაკუთრებით, ოპოზიციის ჩართულობით, ამ პროცესზე რეალური საპარლამენტო ზედამხედველობა განხორციელდეს“, — დასძინა ნაცვლიშვილმა.
საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მანამდე „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა 2024 წელს, ხოლო კანდიდატის სტატუსს 2030 წლამდე ელოდა. უკრაინას – 8 აპრილს, საქართველოსა და მოლდოვას კი 11 აპრილს გადაეცა ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი. კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარი (Questionnaire) წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ხდება გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. კითხვარზე აპლიკანტი სახელმწიფოსგან მიღებული პასუხების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.
როგორც წესი, კითხვარის შევსების და კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურა წლობით გრძელდება, თუმცა ამჯერად პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს და ქვეყნებს კითხვარის შესავსებად ერთთვიანი ვადა მიეცათ, ევროკომისიის შეფასება კი, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მზად.