ახალი ამბები

სტეფანჩუკის ზღვარგადაცილებული განცხადებები უნდა შეიცვალოს – ვოლსკი

12 აპრილი, 2022 • 1455
სტეფანჩუკის ზღვარგადაცილებული განცხადებები უნდა შეიცვალოს – ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, უკრიანის უმაღლესი რადის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებები “ზღვარგადაცილებულია”.

მისი თქმით, სტეფანჩუკის განცხადებები მხოლოდ შალვა პაპუაშვილს არ ეხება და ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია მისი განცხადებები “საქართველოს შავ ხვრელებში ძრომიალთან” დაკავშირებით.

“ეს ვიზიტი თვითმიზანი არ არის და ისეთი ყოველგვარი ზღვარგადაცილებული განცხადებები, რომელიც ახასიათებს უკრაინის რადის თავმჯდომარეს, გარკვეულწილად უნდა იყოს შეცვლილი, რიტორიკა მაინც უნდა იყოს შეცვლილი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

უკრაინის რადის სპიკერმა საქართველოსა და სხვა საკანონმდებლო ორგანოების ლიდერები ოფიციალურად მიიწვია ბუჩაში, რათა მათ საკუთარი თვალით ნახონ რუსული არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკეები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 8 აპრილს ოფიციალური განცხადებით უპასუხა უკრაინელი კოლეგის მიწვევას ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით.

ბუჩა არის რუსული არმიისგან დახსნილი უკრაინული ქალაქი, სადაც რუსი სამხედროების მიერ ასეულობით დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ რადის თავმჯდომარისგან ნამდვილად მიიღო მიწვევა ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა საპასუხო განცხადებაში არ ამბობს, რომ უკრაინაში ჩასვლას აპირებს.

პირიქით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის ხელისუფლებას საყვედურობს ბოლოდროინდელ ბრალდებებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ამის ფონზე „ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს“.

პაპუაშვილს უპასუხა სტეფანჩუკმაც და აღნიშნა, რომ მეგობარი უკრაინაში მოწვევის გარეშეც უნდა ჩავიდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი