ახალი ამბები

გააცნობიერეს, რომ უკრაინა იმარჯვებს – სააკაშვილი „ოცნების“ წევრების შესაძლო ვიზიტზე

11 აპრილი, 2022 • 2079
გააცნობიერეს, რომ უკრაინა იმარჯვებს – სააკაშვილი „ოცნების“ წევრების შესაძლო ვიზიტზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრების განცხადება ნიშნავს, რომ ისინი აცნობიერებენ რუსეთთან ომში უკრაინის დამაჯერებლად გამარჯვებას.

მისი თქმით, „ოცნების“ ეს განცხადება დიდი გარღვევა და კარგის ნიშანია.

„რუსლან სტეფანჩუკის მიერ გაჟღერებული პოზიციის შემდეგ, ოლიგარქ ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ პირველად გადაწყვიტა თავისი „დეპუტატები“ არალეგიტიმური, თუმცა პარლამენტიდან კიევში გაეგზავნა. ეს ნიშნავს, რომ მათაც კი გააცნობიერეს, რომ უკრაინა დამაჯერებლად იმარჯვებს ამ ომში.

იმის გათვალისწინებით, რომ მათი ფულის წარმომავლობა რუსულია, ივანიშვილი კი მედვედჩუკის ადგილობრივი ვერსიაა და ინფორმაციას ძირითადად საქართველოში არსებული რუსული არხებიდან იღებენ, ეს ჩემთვის დიდი გარღვევა და კარგის ნიშანია“, – აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილის თქმით, უკვე ერთი თვეა სამარტოო საკანში უკრაინული არხის ჩართვას ითხოვს.

„მაგრამ სატელევიზიო პაკეტში მაქვს რამდენიმე არხი, რომლებიც ადიდებენ რუსეთის ჯარს, ზელენსკის უწოდებენ “უკრაინელი და ქართველი ხალხის მტერს“, – აცხადებს სააკაშვილი.


ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უკრაინაში ჩასასვლელად მზად არიან. ამის შესახებ მან დღეს, 11 აპრილს, განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე იმ კითხვებზე პასუხს მიიღებს, რაც უკრაინის მთავრობასთან აქვს, მაშინ უკრაინაში საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით წავა.

მანამდე უკრაინის რადის სპიკერმა საქართველოსა და სხვა საკანონმდებლო ორგანოების ლიდერები ოფიციალურად მიიწვია ბუჩაში, რათა მათ საკუთარი თვალით ნახონ რუსული არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკეები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 8 აპრილს ოფიციალური განცხადებით უპასუხა უკრაინელი კოლეგის მიწვევას ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით.

ბუჩა არის რუსული არმიისგან დახსნილი უკრაინული ქალაქი, სადაც რუსი სამხედროების მიერ ასეულობით დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ რადის თავმჯდომარისგან ნამდვილად მიიღო მიწვევა ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა საპასუხო განცხადებაში არ ამბობს, რომ უკრაინაში ჩასვლას აპირებს.

პირიქით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის ხელისუფლებას საყვედურობს ბოლოდროინდელ ბრალდებებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ამის ფონზე „ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს“.

პაპუაშვილს უპასუხა სტეფანჩუკმაც და აღნიშნა, რომ მეგობარი უკრაინაში მოწვევის გარეშეც უნდა ჩავიდეს.
უმრავლესობის წევრები მზად, არიან უკრაინაში წავიდნენ – მდინარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი