საზოგადოება

უმრავლესობის წევრები მზად, არიან უკრაინაში წავიდნენ – მდინარაძე

11 აპრილი, 2022 • 3847
უმრავლესობის წევრები მზად, არიან უკრაინაში წავიდნენ – მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უკრაინაში ჩასასვლელად მზად არიან. ამის შესახებ მან დღეს, 11 აპრილს, განაცხადა.

„საპარლამენტო უმრავლესობაში ეს საკითხი გავიარეთ, ვიმსჯელეთ. საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, დღესვე, ხვალვე, როცა საჭირო იქნება და პროტოკოლურად შეთანხმდება ეს საკითხი, ფიზიკურად დალაგდება წასვლის თემა, შეგვიძლია რამდენიმე ადამიანი საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან წავიდეს უკრაინაში და გამოთქვას დამატებით სამძიმარი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე იმ კითხვებზე პასუხს მიიღებს, რაც უკრაინის მთავრობასთან აქვს, მაშინ უკრაინაში საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით წავა.

„რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს, ეს დამატებითი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია და მან რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც მოტანილ არცერთ საკითხთან, კითხვასთან თუ მოთხოვნასთან დაკავშირებით პასუხი არ მიგვიღია.

დღემდე არ მიგვიღია პასუხი ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებისგან: რატომ დაგვაბრალეს გადაუმოწმებლად და უაპელაციოდ, თითქოს საქართველო ამ სიტუაციაში რძესთან და ყველთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებდა ოკუპანტ ქვეყანასთან, რატომ დაგვაბრალეს ისეთი ამორალური რამ, რასაც იარაღის კონტრაბანდა ჰქვია, რატომ გაიწვიეს ელჩი, როდესაც საქართველოს მხარდაჭერა უპრეცედენტოა, დღეს ვნახეთ ახალი ამბავი, რომ უკრაინის ფოსტის გავლით საქართველოს მიერ გაწეული დახმარება არავის გაუწევია უკრაინისთვის.

მაგრამ ეს პირობითად მეორეხარისხოვან თემად ჩავთვალოთ, რადგან საქართველო ყველა საერთაშორისო ასპარეზზე უპრეცედენტო, შეძლების მაქსიმუმის ზღვარზე უწევს მხარდაჭერას უკრაინას და ამ ყველაფრის ფონზე, რატომ განხორციელდა ის დემარში, რაც განხორციელდა, პასუხი არ მიგვიღია. ამაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი. მას არ აქვს ამასთან დაკავშირებით პრობლემა“, – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციის დაგეგმილ ვიზიტს უკრაინაში, რომელსაც კოორდინაციას ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი უწევს, მდინარაძის თქმით, თუ საპარლამენტო უმრავლესობა წავა და კითხვებზე პასუხს ან შემხვედრ ნაბიჯს მიიღებენ იმის შესახებ, რა კითხვებიც დასვეს, მაშინ ვიზიტის დაგეგმვაში ოპოზიციის დახმარება არცერთი მიმართულებით არ დასჭირდებათ და ამას საქართველოს პარლამენტი გააკეთებს.

მანამდე უკრაინის რადის სპიკერმა საქართველოსა და სხვა საკანონმდებლო ორგანოების ლიდერები ოფიციალურად მიიწვია ბუჩაში, რათა მათ საკუთარი თვალით ნახონ რუსული არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკეები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 8 აპრილს ოფიციალური განცხადებით უპასუხა უკრაინელი კოლეგის მიწვევას ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით.

ბუჩა არის რუსული არმიისგან დახსნილი უკრაინული ქალაქი, სადაც რუსი სამხედროების მიერ ასეულობით დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ რადის თავმჯდომარისგან ნამდვილად მიიღო მიწვევა ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა საპასუხო განცხადებაში არ ამბობს, რომ უკრაინაში ჩასვლას აპირებს.

პირიქით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის ხელისუფლებას საყვედურობს ბოლოდროინდელ ბრალდებებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ამის ფონზე „ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს“.

პაპუაშვილს უპასუხა სტეფანჩუკმაც და აღნიშნა, რომ მეგობარი უკრაინაში მოწვევის გარეშეც უნდა ჩავიდეს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია, რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც უკრაინელებმა რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქები გაათავისუფლეს. კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ბუჩაზე უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაიბრუნეს. ქალაქში შესულ ჟურნალისტებს და სამხედროებს ქუჩებში ასობით მოკლული ადამიანის ცხედარი დახვდათ. მათ ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული.

მოკლულ მშვიდობიან მოსახლეობას შორის იყვნენ ქალები და ბავშვებიც. მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს ქალაქი რუსი სამხედროების ხელში იყო. კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბუჩაში სამოქალაქო პირების მკვლელობების ფაქტი მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა დაგმო და დაადანაშაულა რუსეთი ომის დანაშაულების ჩადენაში.

გარდა მსხვერპლისა, უკრაინული მხარე საუბრობს ასევე მოქალაქეთა წამებისა და გაუპატიურების შემთხვევებზე – მათ შორის, არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი