ახალი ამბები

კოლეგებს მოვუწოდებთ, ქვეყანას ოპოზიციაში ნუ ჩაუდგებიან – ბოჭორიშვილი ევროინტეგრაციაზე

11 აპრილი, 2022 • 1157
კოლეგებს მოვუწოდებთ,  ქვეყანას ოპოზიციაში ნუ ჩაუდგებიან – ბოჭორიშვილი ევროინტეგრაციაზე

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციის წევრებს მოუწოდებს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საქართველოს ოპოზიციაში ნუ ჩაუდგებიან.

ამის შესახებ ბოჭორიშვილმა დღეს, 11 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ევროკავშირისგან საქართველოსთვის კითხვარის გადაცემის შესახებ ისაუბრა.

ბოჭორიშვილის თქმით, დღეს ქართული სახელმწიფოსა და მისი მმართველი გუნდის ერთმანეთისგან გასამიჯნად და ვიწროპოლიტიკური მიზნების მისაღწევად ქვეყნის დაზიანების ნებისმიერი მცდელობა მავნებლობა და ქვეყნის მტრობაა.

მისი თქმით, „ქართული სახელმწიფოს წარმატების ფონზე „ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი კვლავ აგრძელებს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით და ქმედებებით ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანების მცდელობას“.

„მათთვის მთავარია „ქართულ ოცნებას“ რაიმე წარმატება არ მიეწეროს და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სახელმწიფოს სწორედ ის წარმატება დააკნინონ, რაზედაც დგას ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების მომავალი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ისინი ანტიდასავლურ და ანტიქართულ ინტერესებს ემსახურებიან.

ჩვენს კოლეგებს მოვუწოდებთ, რომ წარსულში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დისკრედიტაციის მცდელობის მსგავსად, ქვეყანას ოპოზიციაში ნუ ჩაუდგებიან. დღეს საქართველოს, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრს, სჭირდება ერთიანობა. არჩევანი კი არის მარტივი – ან ქართული სახელმწიფოს და საქართველოს ევროპული მომავლის მხარეს ხარ, ან საკუთარი ქვეყნის და ხალხის ოპოზიციაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


დღეს, 11 აპრილს, საქართველოს ევროკავშირისგან გადაეცა კითხვარი, რომელიც EU-სთან ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ეტაპია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თბილისი “მაქსიმალურად მოკლე დროში” შეავსებს კითხვარს.

ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, თუ რას წარმოადგენს კითხვარი, რა დრო და პროცედურებია საჭირო მის შესავსებად, როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება და რა ხდება მას შემდეგ, რაც ქვეყანა კითხვარს შეავსებს:

რას წარმოადგენს EU-კითხვარი, რომელიც საქართველოს დღეს გადაეცა

მასალების გადაბეჭდვის წესი