NASA გორის ქალთა კამერული გუნდის შესრულებით ნაწარმოებებს მთვარეზე გაგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ქალთა გუნდი ავრცელებს.
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს, NASA-ს კომპანია SpaceX-ის და Astrobotic Technology-ს მხარდაჭერით, კორპორაცია Incandence Corp-მა შექმნა ციფრული არქივი, სახელწოდებით Lunar Codex, რომელიც გაიგზავნება მთვარეზე და შესული იქნება ხელოვანების სხვადასხვა ნამუშევრები მსოფლიოს 90 ქვეყნიდან.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოდან გორის ქალთა გუნდი შეირჩა.
კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელის, თეონა ცირამუას გადაწყვეტილებით, ამ პროექტისთვის გაგზავნილია სამი ნამუშევარი.
ორი ნაწარმოები, „ეგზერსისი“ და „ლაშარის გზაზე“, ეკუთვნის კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძეს, ხოლო მესამე არის ქართული (აფხაზური) ხალხური სიმღერა „ვარადო“ (სოლისტები თ. ცირამუა, თ. პავლიაშვილი).
ყველა ეს ნამუშევარი მოთავსდება მე -2 კაფსულაში და მთვარეზე დაჯდება 2024 წელს.