ახალი ამბები

დღეიდან ფსიქოტროპულებზე რეცეპტი მხოლოდ ელექტრონულად გაიცემა – ღარიბაშვილი

11 აპრილი, 2022 • 956
დღეიდან ფსიქოტროპულებზე რეცეპტი მხოლოდ ელექტრონულად გაიცემა – ღარიბაშვილი

დღეიდან ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების რეცეპტი მატერიალური სახით აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 11 აპრილს, გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება.

„გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით 2 თვის წინ, ბატონ მინისტრს მე დავავალე, რომ ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების გამოწერის წესი უნდა გამკაცრდეს და, ზოგადად, ცირკულაცია ამ ფსიქოტროპული მედიკამენტების. ეს უკავშირდება ნარკომანიას, არაჯანსაღ ცხოვრებას და სხვა უამრავ უბედურებას, რომელიც, საბოლოოო ჯამში, ჩვენს მომავალ თაობაზე აისახება. ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვიყავით და ვართ, რომ ეს საკითხიც დაგვერეგულირებინა. დღეიდან, ამ ჯგუფის პრეპარატების რეცეპტი მატერიალური სახით, ქაღალდზე, ასე ვთქვათ, აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. ესეც დარეგულირდება“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტები დაუშვებელია, ექიმის დანიშნულების გარეშე გაიცემოდეს და ნებისმიერი სამკურნალო საშუალება პაციენტმა უნდა მიიღოს ექიმის რჩევით.

„ეს უკონტროლო მოხმარება და თვითმკურნალობა, თუ ამას მკურნალობა ჰქვია, ეს დაღუპვა, რიგ შემთხვევაში ადამიანები ისე, ყოველგვარი დანიშნულების გარეშე მოიხმარენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, იწვევს სავალალო შედეგებს.

საქართველოში,~ ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე გამკაცრებული წესრიგი მოქმედებს, წამლების გარეშე, ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის გარეშე არის აკრძალული, თუმცა მატერიალური ფორმის რეცეპტით პროცესის გაკონტროლება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. სწორდ ამიტომ, ელექტრონული რეცეპტით მუდმივ რეჟიმში გახდება შესაძლებელი როგორც რეცეპტის გამცემი ფარმაცევტული დაწესებულების, ისე გამომწერი ექიმების გაკონტროლებაც“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საბოლოო მიზანია ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვის სრული სურათის გაციფრულება, რათა სახელმწიფოს გაუადვილდეს ზედამხედველობა და მონიტორინგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი