დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სადაზვერვო ცნობებს ავრცელებს უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლლობაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით.
ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად:
- რუსეთის ძალების მიერ დონეცკის ოლქში ფოსფორის ბობმების გამოყენების გამოცდილება ზრდის ალბათობას, რომ ამ ტიპის იარაღს მარიუპოლშიც გამოიყენებენ, სადაც ბრძოლები მძაფრდება;
- რუსეთი დაბომბვას აგრძელებს დონეცკსა და ლუგანსკის რეგიონებში, უკრაინულმა ძალებმა კი მათი რამდენიმე თავდასხმა მოიგერიეს, რის შედეგადაც გაანადგურეს რუსული ტანკები, მანქანები და საარტილერიო ტექნიკა;
- რუსეთის მუდმივი დამოკიდებულება უმართავ ბომბებზე ამცირებს მათ უნარს, რომ დამიზნებისა და დაბომბვისას სამიზნეების განსხვავება შეძლონ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სამოქალაქო მოსახლეობის შემდგომი მსხვერპლის რისკს.
რუსეთის ძალების მიერ დონეცკში, კრამატორსკში ფოსფორის ბომბების შესაძლო გამოყენების შესახებ ადგილობრივი საპატრულო პოლიციის უფროსის მაოდგილემ, ოლექსი ბილოშივცკიმ 22 მარტს განაცხადა. ამის შესახებ მოგვიანებით, 30 მარტს, დონეცკის გუბერნატორმაც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი დასახლებულ პუნქტებში იყენებდა ფოსფორის საბრძოლო მასალას.
ფოსფორის ბომბებს ცეცხლის სწრაფად გაჩენა შეუძლია, რის შემდეგაც აალებული თეთრი ფოსფორის ჩაქრობა უკიდურესად რთულია. მას აქვს მოყვითალო ფერი, ან უფერულია.
ნივთიერება ეკვრის სხვადასხვა სახის ზედაპირს, მათ შორის- კანს და ტანსაცმელს. ამიტომ უკიდურესად საშიშია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
თეთრ ფოსფორს შეუძლია გამოიწვიოს ღრმა დამწვრობები და ძვლამდეც კი მიაღწიოს. ამასთან, შესაძლოა, მკურანლობის შემდეგ დამწვრობები ხელახლა გაჩნდეს.
აღნიშნული თვისებების გამო მისი გამოყენება საერთაშორისო სამართლის მიხედვით მკაცრად რეგულირდება, თუმცა, ზოგადად, აკრძალული არ არის. ქიმიური იარაღის კონვენციის მიხედვით, ის არ არის მიჩნეული ქიმიურ იარაღად. თუმცა მისი გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის მახლობლად აკრძალულია.
გარეკანის ფოტო: თეთრი ფოსფორის ჭურვები ერაყში, ქალაქ მოსულში. 2017 წელი








