ახალი ამბები

ევროკავშირი არ ცნობს იმ ჩარჩოებს, რომელშიც ე.წ არჩევნები იმართება – ჰარცელი

10 აპრილი, 2022 • 1275
ევროკავშირი არ ცნობს იმ ჩარჩოებს, რომელშიც ე.წ არჩევნები იმართება – ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელშიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დღეს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში იმართება.

„ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“, – აცხადებს ელჩი ჰარცელი.

კვირას, 10 აპრილს ცხინვალის რეგიონში, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერაა ოკუპირებული, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, „მსგავსი პროვოკაციული ქმედებები მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციას“.

შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ აშშ არ აღიარებს 10 აპრილს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში გამართულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი