ახალი ამბები

აშშ: სამხრეთ ოსეთი საქართველოა, ამას ვერ შეცვლის „არჩევნები“ და „რეფერენდუმი“

10 აპრილი, 2022 • 2064
აშშ: სამხრეთ ოსეთი საქართველოა, ამას ვერ შეცვლის „არჩევნები“ და „რეფერენდუმი“

შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ აშშ არ აღიარებს 10 აპრილს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში გამართულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს.

„ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ცალსახაა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ამას ვერ შეცვლის ვერც „არჩევნები” და ვერც აპრიორი უკანონო „რეფერენდუმი”, რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლისკენ მოუწოდებს“, – აცხადებს საელჩო და ხაზს უსვამს „მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

„ახლა, როდესაც რუსეთი უკრაინაში სასტიკ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს აწარმოებს და გამიზნულად ესხმის თავს უკრაინელ ხალხსა და ქალაქებს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დაცვა ამ ფუნდამენტური პრინციპებისა, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს“, – აცხადებს საელჩო.

„მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს თავისი ომი უკრაინაში და მის მიერ საქართველოს ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. მათ შორის, რუსეთის ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფა“, – წერია განცხადებაში.

კვირას, 10 აპრილს ცხინვალის რეგიონში, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერაა ოკუპირებული, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, „მსგავსი პროვოკაციული ქმედებები მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციას“.

დე ფაქტო არჩევნებში მონაწილეობს მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რომელიც 2017 წლიდან იკავებს ამ პოსტს.

დე ფაქტო არჩევნებში დარეგისტრირებულია მისი 4 კონკურენტი:

  • ალექსანდრე პლიევი, დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი
  • ალან გაგლოევი, პარტია „ნიხასის“ ლიდერი
  • გარი მულდაროვი
  • დიმიტრი, დე ფაქტო პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი

დე ფაქტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცათ ედუარდ კოკოითის, დავით სანაკოევსა და კიდევ 10 ადამიანს.

პარალელურად, ცხინვალში დაწყებულია სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებით სააგიტაციო კამპანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი