ახალი ამბები

„ლელო“ ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტს წარადგენს

8 აპრილი, 2022 • 1155
„ლელო“ ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტს წარადგენს

„ლელო“ პარლამენტს წარუდგენს ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტს, რომელმაც ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები საკანონმდებლო დონეზე უნდა დაარეგულიროს და აკრძალოს.

კანონპროექტი დღეს, 8 აპრილს, პარტიის პოლიტიკურ საბჭოზე განიხილეს.

როგორც „ლელო“ აცხადებს, რუსეთი საქართველოს არა მხოლოდ ოკუპაციის და ანექსიის გზით, არამედ ჰიბრიდული ომის მეშვეობით ებრძვის, რომლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი არის რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოში.

მათი განცხადებით, სწორედ ამიტომ, „ლელოს“ პოლიტიკურმა საბჭომ შეიმუშავა ლუსტრაციის პოლიტიკა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით, რათა გამოაშკარავდეს და აღიკვეთოს რუსეთის გავლენები საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ და საჯარო პროცესებზე. საკანონმდებლო პაკეტს აქვს შემდეგი შინაარსი:

  • მოხდეს მტრული სახელმწიფო სამსახურში მყოფი და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი პირების გამოვლენა, მათი სახელმწიფო თანამდებობებზე არდაშვება;
  • იმ საჯარო მოხელეების პასუხისგებაში მიცემა, ვინც განზრახ ხელს უშლიან საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში კონსტიტუციით გარანტირებული ინტეგრაციის კურსს ან არ ასრულებენ ოკუპაციის შესახებ მოქმედ კანონმდებლობას;
  • იმ მედია და საინფორმაციო საშუალებების აკრძალვა, რომლებიც ტოტალიტარულ იდეოლოგიას ავრცელებენ, ეწევიან ოკუპანტი ქვეყნის აგრესიული ომის პროპაგანდას და ავრცელებენ ოკუპანტი სახელმწიფოს დეზინფორმაციას საქართველოში.

„ლელოს“ განმარტებით, აღნიშნული მიზნების აღსრულება მოხდება სპეციალური ორგანოს – ლუსტრაციის  კომისიის  მეშვეობით, რომელიც დემოკრატიული მეთოდების და სამართლის უზენაესობის პრინციპების სრული დაცვით უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას.

როგორც პოლიტსაბჭოს შემდეგ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ბოლო 30 წლის განმავლობაში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ეს საკითხი ბოლომდე ვერ მიიყვანა და იმედოვნებს, რომ დღეს, უკრაინისა და საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში, პარლამენტს კანონმდებლობის მისაღებად ძალა ეყოფა.

„ჩვენი ქვეყანა არის ბევრი გამოწვევის წინაშე, საკმაოდ მძიმედ ვითარდება სიტუაცია უკრიანაში, აგრესორი არ ჩერდება. ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლს. ჩვენ ასევე გვაქვს დიდი გამოწვევა ქვეყანაში, სადაც პირდაპირ, ღიად და აშკარად მიმდინარეობს რუსული აგრესიული პროპაგანდის ტირაჟირება სხვადასხვა ჯგუფის, პარტიისა და მასმედიის საშუალების მიერ.

ჩვენ დღეს გვქონდა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ და დავამტკიცეთ კანონპროექტი, რომელიც გვინდა გავაცნოთ საზოგადოებას, სხვა პოლიტიკურ პარტიებს და ერთხელ და სამუდამოდ მივიღო საქართველოში ლუსტრაციის შესახებ კანონი, რომელიც საკანონმდებლო დონეზე დაარეგულირებს და აკრძალავს იმ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ მასმედიის საშუალებებით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი