ახალი ამბებისაზოგადოება

საქართველო არასდროს დაუშვებს, რომ სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს – ღარიბაშვილი

8 აპრილი, 2022 • 1851
საქართველო არასდროს დაუშვებს, რომ სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველო არ დაუშვებს, რომ სანქცირებული ტვირთი რუსეთში გავიდეს. ამის შესახებ მან დღეს, 8 აპრილს, განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა სრულ კოორდინაციაშია უცხოელ პარტნიორებთან და ონლაინ რეჟიმში ცვლის ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ასეთი ტიპის მგრძნობიარე საკითხებთან, ამიტომ აქ კითხვა აღარ უნდა არსებობდეს.

„ჩემთვის უკრაინის მხრიდან ასეთი ცილისმწამებლური განცხადების მოსმენა სამწუხარო იყო. გასაგებია, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, არავითარი მტკიცებულება, არავითარი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი და, რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა. მე უკრაინას და უკრაინელებს ვუსურვებდი, რომ ძალიან მალე დასრულდეს ომი, შეწყდეს ეს დამანგრეველი ომი, რომელიც ძალიან დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენთვის, მთელი რეგიონისთვის, ევროპისთვის და მსოფლიოსთვის.

სხვადასხვა უწყების მხრიდან გაეცა კომპეტენტური პასუხები, გაკეთდა არაერთი განცხადება და განმარტება. მე მინდა, ცალსახად განვაცხადო, რა თქმა უნდა, საქართველო არასდროს დაუშვებს, რომ სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს და, მით უმეტეს, აბსურდულია ბრალდება, რომ ამაში მთავრობაა ჩართული. ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. ჩვენ არ დავუშვებთ რაიმე სანქცირებული საქონლის გატანას ჩვენი ტერიტორიების გამოყენებით, ეს არის მკაფიო, ცალსახა პოზიცია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი კონტრაბანდულ არხებს ქმნის სანქცირებული სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის მისაღებად, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

ქართული მხარე „ყოვლად დაუსაბუთებელს და აბსურდულს“ უწოდებს ბრალდებას და უკრაინისგან მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა საქართველოსგან ელოდება მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს, რომ ის არ ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი