ევროპარლამენტმა რუსეთიდან ნავთობის, ქვანახშირის, ბირთვული საწვავისა და გაზის იმპორტზე სრული ემბარგოს დაუყოვნებლივ დაწესებაზე რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუცია 7 აპრილს 513 ხმით 22-ის წინააღმდეგ იქნა მიღებული.

რეზოლოციაში ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკეების გამო და ითხოვს ომის დანაშაულის ჩამდენი პირების გასამართლებას. ევროპარლამენტარებს მიაჩნიათ, რომ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებებისთვის გაეროს სპეციალური ტრიბუნალი უნდა შეიქმნას.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საჭიროა გეგმა ევროკავშირის ენერგომომარაგების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ისევე, როგორც სტრატეგია სანქციების გაუქმებაზე იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი გადადგამს ნაბიჯებს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მთლიანად გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინის ტერიტორიიდან.

გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებს, გარიცხონ რუსეთი G20-დან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, როგორიცაა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო, ინტერპოლი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, იუნესკო და სხვები. ევროპარლამენტარების აზრით, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნიშანი იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ დაუბრუნდება ჩვეულ საქმიანობას აგრესორ სახელმწიფოსთან ერთად.

ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ არსებული სანქციები სრულად და ეფექტურად უნდა იქნას გატარებული ევროკავშირის და მისი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როგორც მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.

გარდა ამისა, ევროპარლამენტი მხარს უჭერს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაძლიერებას.

სანქციების ეფექტიანობის გასაზრდელად ევროპარლამენტი გამოდის მოწოდებით, რომ რუსული ბანკები გაირიცხონ SWIFT-ის სისტემიდან, რუსეთთან დაკავშირებულ ყველა გემს აეკრძალოს ევროკავშირის ტერიტორიულ წყლებსა და ევროკავშირის პორტებში შესვლა, საგზაო ტვირთების ტრანსპორტირება რუსეთიდან და რუსეთში. ევროპარლამენტარების აზრით, აკრძალვები უნდა შეეხოს ბელარუსსაც.

უკრაინასთან ომში ბელარუსის ჩართლობაზე მინიშნებით, რეზოლუცია ითხოვს, რომ ბელარუსზე დაწესებული სანქციები იყოს რუსეთისთვის წარდგენილი სანქციების ანალოგიური, რათა დაიხუროს ყველა გზა, რომელიც პუტინს შესაძლებლობას მისცემს, ლუკაშენკოს დახმარების გამოყენებით სანქციებს თავი აარიდოს.

ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ „ყველა აქტივის ჩამორთმევას, რომელიც ეკუთვნის რუს ჩინოვნიკებს ან პუტინის რეჟიმთან ასოცირებულ ოლიგარქებს, მათ მარიონეტებსა და ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმთან დაკავშირებულ პირებს“.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემეგ განუწყვეტლივ ბომბავს უკრაინის ქალაქებს, რის შედეგადაც დაღუპულია ათასობით ადამიანი. მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც უკრაინელებმა რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქები გაათავისუფლეს.

კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ბუჩაზე უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაიბრუნეს. ქალაქში შესულ ჟურნალისტებს და სამხედროებს ქუჩებში ასობით მოკლული ადამიანის ცხედარი დახვდათ. მათ ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული. მოკლულ მშვიდობიან მოსახლეობას შორის იყვნენ ქალები და ბავშვებიც. მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს ქალაქი რუსი სამხედროების ხელში იყო. კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბუჩაში სამოქალაქო პირების მკვლელობების ფაქტი მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა დაგმო და დაადანაშაულა რუსეთი ომის დანაშაულების ჩადენაში.