ახალი ამბები

უნდა მოვიპოვოთ ყველა დეტალი, რათა გაიმართოს ომის დანაშაულის სასამართლო – ბაიდენი

5 აპრილი, 2022 • 1555
უნდა მოვიპოვოთ ყველა დეტალი, რათა გაიმართოს ომის დანაშაულის სასამართლო – ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბუჩაში მომხდარს “ომის დანაშაულს” უწოდებს და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გასამართლებას ითხოვს. ამის შესახებ ბაიდენმა 4 აპრილს განაცხადა.

“გამაკრიტიკეს იმის გამო, რომ პუტინს ომის დამნაშავე ვუწოდე. სიმართლე ისაა, რომ თავად იხილეთ, რაც ბუჩაში მოხდა. ეს ამტკიცებს, რომ ის [პუტინი] არის ომის დამნაშავე, თუმცა ჩვენ უნდა შევაგროვოთ ინფორმაცია. ასევე, უნდა განვაგრძოთ უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდება, რათა ბრძოლა გააგრძელონ. უნდა მოვიპოვოთ ყველა დეტალი, რათა ამ საქმეზე ომის დანაშაულის სასამართლო პროცესი გაიმართოს. ეს კაცი [პუტინი] სასტიკია და ის, რაც ბუჩაში ხდება, აღმაშფოთებელია. ეს ყველამ დაინახა”, – თქვა ბაიდენმა.


კიევთან ახლოს მდებარე ბუჩაში შესულმა ჟურნალისტებმა ქუჩებში არაერთ ადამიანის გვამი აღმოაჩინეს, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ – იუწყება BBC. AFP-ის რეპორტიორმა მინიმუმ 20 ასეთი გვამი დაითვალა. მათგან მინიმუმ ერთს ხელები ჰქონდა შეკრული. ბუჩაში უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი ცოტა ხნის წინ დაიბრუნეს, მას შემდეგ, რაც რუსმა ჯარისკაცებმა კიევის ოლქი დატოვეს. მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს ქალაქი რუსი სამხედროების ხელში იყო. ქალაქის მერმა ანატოლი ფედორუკმა AFP-ს უთხრა, რომ 20-ივე მათგანს ტყვია უკნიდან აქვს მოხვედრილი.უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, კიევის მიმდებარე ქალაქებში 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბუჩაში სამოქალაქო პირების მკვლელობების ფაქტი მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა დაგმო და დაადანაშაულა რუსეთი ომის დანაშაულების ჩადენაში. ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ცოტა ხანში რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდება, ხოლო უკარაინა შეიარაღებას მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი