ახალი ამბები

მტკნარი სიცრუეა, თითქოს საქართველო რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს – კალაძე

4 აპრილი, 2022 •
მტკნარი სიცრუეა, თითქოს საქართველო რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს – კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმაურება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას და “მტკნარ სიცრუეს” უწოდებს საქართველოს მიმართ ბრალდებას რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისგან თავის არიდებაში დახმარების შესახებ. ამის შესახებ კალაძემ საკუთარ Twitter-ის გვერდზე დაწერა.

“დღეს გავრცელებული მტკნარი სიცრუე, თითქოს საქართველო და რუსეთი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდის შეტანის თაობაზე, მიზანმიმართული პროვოკაციაა, რომელიც უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისთვის ჩრდილის მიყენებას ისახავს მიზნად. ამის უკან მდგომთ ორი მეგობარი ქვეყნის მიმართ არაკეთილსინდისიერი ზრახვები აქვთ”, – წერს კალაძე.

რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების შესახებ ინფორმაცია დღეს, 4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა.

“საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის დიდი ასორტიმენტის მიწოდების შესაძლებლობა. სანქციების თავიდან არიდების მიზნით, რუსეთის აგენტები კონტრაბანდულ არხებს ქმნიან, რომელიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში”, – აღნიშნავდა სამმართველო განცხადებაში.

მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომაც და უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება“ უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი