ახალი ამბები

შტაინმაიერის თქმით, რუსეთის შეფასებისას შეცდა

4 აპრილი, 2022 •
შტაინმაიერის თქმით, რუსეთის შეფასებისას შეცდა

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აცხადებს, რომ რუსეთის შეფასებისას შეცდა. შტაინმაიერის ამ განცხადებას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

ასევე, მისი თქმით, “აშკარად შეცდომა იყო მისი ადრინდელი პოზიცია Nord Stream 2-თან დაკავშირებით”:

“Nord Stream 2-თან დაკავშირებით ჩემი ერთგულება აშკარად შეცდომა იყო. ჩვენ ვეჭიდებოდით ხიდს, რომლისაც რუსეთს უკვე აღარ სჯეროდა და რაზეც სხვა პარტნიორები გვაფრთხილებდნენ.

ჩვენ ვერ ავაშენეთ საერთო ევროპული სახლი. არ მჯეროდა, რომ ვლადიმერ პუტინი შეეგუებოდა თავისი ქვეყნის სრულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და მორალურ განადგურებას თავისი იმპერიული სიგიჟის გულისთვის. მე ამაში, სხვების მსგავსად, შევცდი… უსაფრთხოების საერთო არქიტექტურაში რუსეთის ჩართვის მიდგომით [გერმანია] ჩაიჭრა”, – განაცხადა შტაინმაიერმა.

შტაინმაიერი იმ გერმანელ პოლიტიკოსებს შორისაა, რომელიც განეკუთვნებოდა რუსეთთან დათბობის პოლიტიკის მომხრეებს. ის იყო მინსკის შეთანხმების მომლაპარაკებელი და არაერთხელ გამხდარა კრიტიკის მიზეზი კიევის მხრიდან, მათ შორის Nord Stream 2-თან დაკავშირებული პოზიციისთვის.

Nord Stream 2-ის მილსადენის პროექტის გამო ბერლინს აკრიტიკებდნენ აშშ და სხვა მოკავშირეები. ისინი აცხადებდნენ, რომ ეს საშიში იქნებოდა უკრაინისთვის და 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ არასწორ სიგნალს გააგზავნიდა რუსეთთან.

თუმცა გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებდა, რომ Nord Stream 2 კომერციული პროექტი იყო და პოლიტიკასთან საერთო არ ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი