ახალი ამბები

„შეურაცხმყოფელია“ — კახიანი უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ბრალდებაზე

4 აპრილი, 2022 • 1271
„შეურაცხმყოფელია“ — კახიანი უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ბრალდებაზე

„ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეურაცხმყოფელია.

კერძოდ, უკრაინული დაზვერვის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, რაც გულისხმობს რუსეთისთვის აკრძალული ნაწარმის მიწოდებაში, მათ შორის იგულისხმება სამხედრო დანიშნულების პროდუქცია.

კახიანი აღნიშნულ ინფორმაციას უკავშირებს გია ლორთქიფანიძეს, რომელიც ენმ-ის მმართველობის დროს შს მინისტრის მოადგილე იყო. ის რამდენიმე კვირის წინ უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. თუმცა განცხადება არა კონტრდაზვერვამ, არამედ თავადაცვის სამინისტროს დაზვერვამ გაავრცელა.

„რბილად რომ ვთქვათ, სიმართლესთან ამას არანაირი შემხებლობა და კავშირი არ აქვს, მაგრამ სხვანაირადაც ვიტყოდი, ეს შეურაცხმყოფელიც კი არის ჩვენი ქვეყნისთვის, როცა ვინმეს შეიძლება ასეთი კითხვა გაუჩნდეს. სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება, პირიქით, კითხვები ჩნდება, რატომ შეიძლება ასეთი მოსაზრება გაჩნდეს და ხომ არ უკავშირდება ეს ისევ იმ ჰიბრიდულ ომს, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებს.

კითხვები ჩნდება იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს ინფორმაცია მოდის იმ სამსახურიდან სწორედ, რომლის ხელმძღვანელის მოადგილედაც დაინიშნა სულ ცოტა ხნის წინ გია ლორთქიფანიძე. ლოგიკა უფრო ამას გვკარნახობს, ეს არის ტყუილი და სიმართლესთან კავშირი არ აქვს. ასეთი კითხვების გაჩენა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით არის შეურაცხმყოფელი“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი სანქცირებული პროდუქტის შეტანას ქვეყანაში საქართველოს გავლით, კონტრაბანდის სახით გეგმავს, საქართველოს “პოლიტიკური ხელმძღვანელობა” კი კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელს აფარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი