ახალი ამბები

უკვე 20 000 საზოგადოებრივი სამუშაო ვაკანსიაა დარეგისტრირებული – ღარიბაშვილი

4 აპრილი, 2022 • 1398
უკვე 20 000 საზოგადოებრივი სამუშაო ვაკანსიაა დარეგისტრირებული – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკვე 20 000 საზოგადოებრივი სამუშაო ვაკანსიაა დარეგისტრირებული. ამის შესახებ მან დღეს, 4 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

ღარიბაშვილის თქმით, 15 000-ზე მეტი აპლიკაცია სოციალურად დაუცველებისგანაა შესული, 3000-ს კი უკვე გაუფორმეს შესაბამისი ხელშეკრულება.

„ობიექტურად უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის დაწყებიდან სამ კვირაში ასეთი შედეგი ამ პროგრამის მიმართ ძალიან მაღალ ინტერესზე მიუთითებს. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველა ჩავერთოთ ამ პროგრამაში, რაც შეიძლება მეტი სოციალურად დაუცველი უნდა ჩაერთოს ამ პროგრამაში, რომ მეტი შემოსავალი მიიღონ და ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მშენებლობაში და მონაწილეობა მიიღონ ბევრ პროექტში, რომელსაც განვახორციელებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი, უმუშევარი მოქალაქეებისთვის დასაქმების პროგრამის დაწყებას გეგმავდა. პროგრამა 1 მარტიდან ამოქმედდა.

50 000 დასაქმებული პირველ ეტაპზე მიიღებს ყოველთვიურად დარიცხულ შემწეობას, პლუს  300 ლარს გარკვეულ სამუშაოში. 100-150 მლნ ლარის ბიუჯეტი და შენარჩუნებული სოციალური შემწეობა – ასეთია პირველადი ცნობები პროგრამის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი