„ლელო“ ითხოვს, 5 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდეს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებთან, სისასტიკესთან და მშვიდობიან მოქალაქეთა მკვლელობასთან დაკავშირებით.
როგორც „ლელო“ აცხადებს, უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის სტრატეგია და ტაქტიკა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. მათი თქმით, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულს სათანადო პასუხი უნდა გასცეს საერთაშორისო თანამეგობრობამ, რაშიც საქართველომ თავისი ღირსეული წვლილი უნდა შეიტანოს.
„ამის კიდევ ერთი შემზარავი მაგალითი მსოფლიომ კიევის ოლქში, ბუჩასა და სხვა ქალაქების გათავისუფლების შემდგომ იხილა. ბოლო ინფორმაციით, 300-ზე მეტი გარდაცვლილი მოქალაქის ცხედარი მხოლოდ ქალაქ ბუჩაში იპოვეს.
მიგვაჩნია, რომ რუსეთის ქმედება უკრაინაში ცალსახად წარმოადგენს ომის დანაშაულს. შესაბამისად, რუსეთის ქმედება გამოძიებული და დასჯილი უნდა იყოს საერთაშორისო სამართლის სტანდარტების თანახმად. ამ თვალსაზრისით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დროულად დაიწყოს ბუჩასა და სხვა ქალაქებში მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების საქმის საერთაშორისო გამოძიების პროცესი“, – აცხადებს „ლელო“.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით“ლელო საქართველოსთვის“ მოითხოვს:
- 5 აპრილი გამოცხადდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გლოვის დღედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებთან, სისასტიკესთან და მშვიდობიან მოქალაქეთა მკვლელობასთან დაკავშირებით.
- ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა, რათა რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინაში ჩადენილი უსასტიკესი დანაშაულებებისათვის, მათ შორის გააგრძელოს და გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ხელი შეუწყოს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას ჰააგის სასამართლოს მიერ.
- გაეწიოს აქტიური დახმარება უკრაინის ხელისუფლებას და მოხდეს 2008 წლის ომში რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირებისა და სამართალწარმოების მიმართულებით დაგროვილი გამოცდილების გაზიარება.
კიევთან ახლოს მდებარე ბუჩაში შესულმა ჟურნალისტებმა ქუჩებში არაერთ ადამინის გვამი აღმოაჩინეს, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ – იუწყება BBC. AFP-ის რეპორტიორმა მინიმუმ 20 ასეთი გვამი დაითვალა. მათგან მინიმუმ ერთს ხელები ჰქონდა შეკრული. ბუჩაში უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი ცოტა ხნის წინ დაიბრუნეს, მას შემდეგ, რაც რუსმა ჯარისკაცებმა კიევის ოლქი დატოვეს. მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს ქალაქი რუსი სამხედროების ხელში იყო. ქალაქის მერმა ანატოლი ფედორუკმა AFP-ს უთხრა, რომ 20-ივე მათგანს ტყვია უკნიდან აქვს მოხვედრილი.
უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, კიევის მიმდებარე ქალაქებში 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბუჩაში სამოქალაქო პირების მკვლელობების ფაქტი მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა დაგმო და დაადანაშაულა რუსეთი ომის დანაშაულების ჩადენაში. ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ცოტა ხანში რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდება, ხოლო უკარაინა შეიარაღებას მიიღებს.
მომხდარს გამოეხმაურა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუც. მანაც მომხდარი ხოცვა-ჟლეტად შეაფასა და განაცხადა, რომ მოლდოვა მკაცრად გმობს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, ისევე როგორც უკანონო და უსაფუძვლო რუსეთის ომს უკრაინის წინაარმდეგ. სანდუმ 4 აპრილი მოლდოვაში გლოვის დღედ გამოაცხადა.







