ახალი ამბები

მდინარაძე განმარტავს, რატომ არ მივიდნენ უკრაინაში დაღუპულების სამძიმარზე

1 აპრილი, 2022 • 4767
მდინარაძე განმარტავს, რატომ არ მივიდნენ უკრაინაში დაღუპულების სამძიმარზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ არ მივიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამძიმარზე.

მისი თქმით, იმ ფონზე, როცა საქართველო უკრაინაში მოხალისეებს ვერ აგზავნის, შესაძლოა, გულწრფელი სამძიმარი „გარკვეული ქმედებების წახალისებად“ აღქმულიყო.

„როდესაც ქვეყანა, არა მხოლოდ საქართველო, არამედ აშშ, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. აცხადებს, რომ წინააღმდეგია უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის, მაშინ უხერხული მომენტი ჩნდება, როგორ უნდა იქცეოდნენ ამ დროს ხელისუფლების წარმომადგენლები“, — თქვა მდინარაძემ და დასძინა, რომ საქართველო უკრაინაში მოხალისეებს „ბევრი პოლიტიკური ფაქტორის გამო“ არ უშვებს.

როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, სწორედ მოხალისეებთან დაკავშირებული პოლიტიკის გამო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინაში დაღუპული მებრძოლების სამძიმარზე არ მისულიყვნენ.

„ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ საქართველოს მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკის ფონზე შესაძლოა, გარდაცვლილი მეომრების სამძიმარზე მისვლას ჰქონოდა „წამახალისებელი ეფექტი“.

„ჩვენ ვიფიქრეთ სამძიმარის გამოცხადება, მაგრამ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები მოხალისეებთან დაკავშირებით ეწევიან, ხომ არ შეგვეკავებინა თავი. შესაძლოა, ვცდებოდეთ, მაგრამ ეს არის გულწრფელი პასუხი, რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით ვთქვა“, — განაცხადა მდინარაძემ.


უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს შეეწირა 4 ქართველი — დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი. დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს და 26 მარტს სამოქალაქო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ხელისუფლებიდან ერთადერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი, ვინც მათ სამძიმარზე მივიდა, თბილისის მერი კახა კალაძე იყო. ჯარისკაცების ჩამოსვენებას აეროპორტში დახვდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი