ახალი ამბები

ულტიმატუმის ვადის გასვლის მიუხედავად, რუსული გაზი ევროპას მიეწოდება – Reuters

1 აპრილი, 2022 • 4165
ულტიმატუმის ვადის გასვლის მიუხედავად, რუსული გაზი ევროპას მიეწოდება – Reuters

პუტინის მიერ დაწესებული ულტიმატუმის ვადის გასვლის შემდეგ, დასავლეთს რუსული გაზი მაინც მიეწოდება.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დასავლეთს ულტიმატუმი წაუყენა, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ ევროპელი შემსყიდველები რუსულ ბუნებრივ აირს რუბლში არ შეიძენდნენ, მოსკოვი გაზის მიწოდებას პირველი აპრილიდან შეწყვეტდა.

პუტინის განცხადებითვე, იმ შემთხვევაში, თუ „არამეგობრული ქვეყნები“ რუბლში გადახდას არ დათანხმდებოდნენ, არსებული კონტრაქტებიც შეწყდებოდა.

მისი განცხადებით, რუსეთი არ აპირებდა „ქველმოქმედებას“.

Reuters-ის ინფორმაციით, რუსული გაზი კვლავ მიედინება ბალტიის ზღვასა და უკრაინაში გამავალ მილსადენებში, რომლითაც რუსეთი ევროპას უკავშირდება.

ევროპის სახელმწიფოთა ლიდერებმა, მათ შორის საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობებმა, გუშინ, ვლადიმერ პუტინის განცხადების საპასუხოდ განაცხადეს, რომ კრემლი ევროპის დაშანტაჟებას გაზის მეშვეობით ვერ შეძლებდა.


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მან ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, პირველი აპრილიდან უცხოელმა მყიდველებმა რუსული გაზი რუსეთის ეროვნულ ვალუტაში, რუბლში უნდა შეიძინონ.

მისი განცხადებით, უკვე დადებული კონტრაქტებიც გაუქმდება იმ შემთხვევაში, თუ გაზის შემსყიდველები რუბლში გადახდაზე უარს განაცხადებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი