უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში 28 დასახლება დაიკავეს.
ზოგიერთი ეს დასახლება ომის პირველივე დღეს იქნა დაკავებული. უკრაინულმა ძალებმა ისარგებლეს ბროვარის აღმოსავლეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანით, რათა დაებრუნებინათ ტერიტორიები კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში. თავად ქალაქი ბროვარი არასოდეს ყოფილა დაკავებული რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, თუმცა მეზობელ სოფლებში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა.
კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბროვარის მერმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა დატოვეს მიმდებარე ტერიტორია.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები დღეს გარკვეულ გაწმენდით ოპერაციებს ჩაატარებენ“, — თქვა მერმა.
კერძოდ, პოლესეს მიმართულებით (კიევის ოლქი) უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს 15 სოფელსა და დასახლებაზე, ხოლო ჩრდილოეთით — 13 სოფელსა და დასახლებაზე.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ჩერნიგოვის და კიევის ოლქებიდან რუსეთს ძალების ნაწილი გაჰყავს დონბასისკენ, ნაწილის შემთხვევაში კი გადაჯგუფება მიმდინარეობს. უკრაინელები შევიდნენ სოფლებში, რომლებიც რუსებმა დატოვეს.
დაჯგუფება “სამხრეთმა” ასევე გაავრცელა ინფორმაცია სამხრეთის ფრონტზე, ხერსონის ოლქში 11 დასახლების გათავისუფლების შესახებ.
ამერიკული Critical Threats Project-ის თანახმად, რომელიც უკრაინაში ომის ქრონოლოგიას და ანალიზს აწარმოებს, უკრაინულმა ძალებმა 31 მარტს განახორციელეს რამდენიმე ადგილობრივი კონტრშეტევა კიევის ირგვლივ, ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში და ხერსონის მიმართულებით და ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ რუსული ჯარების როტაციისთვის. Critical Threats-ის თანახმად, უკრაინის ჯარები, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში თავს დაესხმებიან რუსეთის მიერ კონტროლირებად ბუჩასა და ჰოსტომელს. რუსეთის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში შეტევითი ოპერაციები მხოლოდ დონბასში და მარიუპოლის წინააღმდეგ ჩაატარეს.








