ახალი ამბები

ეს უკრაინის შიდაპოლიტიკური საქმეა – ხელაშვილი ელჩის საკითხზე

31 მარტი, 2022 • 913
ეს უკრაინის შიდაპოლიტიკური საქმეა – ხელაშვილი ელჩის საკითხზე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმდჯომარის მოადგილის, გიორგი ხელაშვილის თქმით, საქართველოდან უკრაინის ელჩის დაბრუნება უკრაინის შიდაპოლიტიკური საკითხია.

მისი თქმით, ელჩის დაბრუნებაზე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას კავშირი არ აქვს უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობებთან.

„ვფიქრობ, უკრიანის პრეზიდენტის გუშინდელმა განცხადებამ აჩვენა, რომ ეს არის უკრაინის შიდაპოლიტიკური დიპლომატიური საქმე. არ არის მიღებული, რომ ჩვენ ახლა კომენტარები ვაკეთოთ შიგნით, რა და როგორ ხდება. თუმცა, მე ვფიქრობ, ელჩის გაწვევას არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებთან. ვინაიდან საქართველო იყო, არის და იქნება უკრაინის ყველაზე უფრო მხარდამჭერი ქვეყანა“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ხელაშვილმა.


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30 მარტს განაცხადა, რომ პირველად მოაწერა ხელი დეკრეტს მაროკოდან ელჩის გაწვევის შესახებ. მან იქვე განაცხადა, რომ “საქართველოდანაც დაბრუნებულია ელჩი”.

„არიან ისეთები, ვინც ყველასთან ერთად მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად, რათა უკრაინამ თავისი მომავლის უზრუნველყოფა შეძლოს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის შრომას. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ტყუილად კარგავენ დროს და მუშაობენ მხოლოდ თანამდებობაზე დარჩენისთვის. დღეს ხელი მოვაწერე პირველ განკარგულებას ასეთი ადამიანის — მაროკოდან უკრაინის ელჩის — გაწვევის შესახებ. საქართველოდანაც დაბრუნებულია ელჩი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის, იგორ დოლგოვის [კონსულტაციებისთვის] გაწვევის შესახებ 1 მარტს განაცხადა და მიზეზად დაასახელა ქართული მხარის მიერ „მოხალისეების არგაშვება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია“. თუმცა დოლგოვი თბილისში დარჩა, სელჩოში განმარტეს, რომ ‘თანამედროვე პირობებში კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში”.

საქართველოში უკრაინის საელჩოში ჯერჯერობით განმარტებას ვერ აკეთებენ, გუშინდელი გადაწყვეტილებით ზელენსკიმ თანამდებობიდან მოხსნა ელჩი დოლგოვი თუ  კონსულტაციებისთვისაა გაწვეული. დოლგოვი ამჟამად თბილისში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი