ახალი ამბები

რუსმა სამხედროებმა შეცდომით საკუთარი თვითმფრინავი ჩამოაგდეს — UK-ის დაზვერვა

31 მარტი, 2022 • 1566
რუსმა სამხედროებმა შეცდომით საკუთარი თვითმფრინავი ჩამოაგდეს — UK-ის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ინფორმაციით, დემორალიზებული რუსი სამხედროები რიგ შემთხვევაში დავალების შესრულებაზე უარს ამბობენ, საკუთარ აღჭურვილობას აზიანებენ და შემთხვევით საკუთარი თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

სადაზვერვო და უსაფრთხოების ორგანიზაციის სამთავრობო კომუნიკაციების შტაბის (GCHQ) დირექტორმა, ჯერემი ფრელიმგმა ავსტრალიის ეროვნულ უნივერსიტეტში ისაუბრა იმ სირთულეების შესახებ, რომელსაც რუსი სამხედროები უკრაინაში აწყდებიან.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მრჩევლებს ეშინიათ მისთვის სიმართლის თქმა, რეჟიმისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ რუსეთმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა.

„სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ პუტინმა მთლიანად არასწორად შეაფასა სიტუაცია. მან იწვნია ზუსტად ის, რის თავიდან აცილებასაც ცდილობდა — უკრაინა ეროვნულობის განახლებული გრძნობით; ნატო, რომელიც უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე, და გლობალური კოალიცია, რომელიც გმობს მის ქმედებებს“, — განაცხადა ფლემინგმა.

მისივე ინფორმაციით, რუსეთი იყენებს დაქირავებულებს და უცხოელ მებრძოლებს, მათ შორის „ვაგნერის“ მებრძოლებს, რომელთა კონტინგენტი იზრდება.

„ამ ჯარისკაცებს საზარბაზნე ხორცად გამოიყენებენ“, — დასძინა ფლემინგმა.

მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პუტინს არასრულ ინფორმაციას აწვდიან უკრაინაში რუსი სამხედროების წარუმატებლობისა და რუსეთის ეკონომიკაზე სანქციების გავლენის შესახებ, იზიარებს ამერიკული დაზვერვაც. პენტაგონის სპიკერ ჯონ კირბის თქმით, პუტინი სრულად არ იყო ინფორმირებული მისი თავდაცვის სამინისტროს მიერ უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ.

პენტაგონის აზრით, პუტინი „სრულად არ იყო ინფორმირებული“ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი