დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას რუსეთთან მიერთების სურვილზე სოხუმშიც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ აფხაზეთი საკუთარ მომავალს მხოლოდ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ხედავს. შესაბამისი განცხადებები აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ და დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ვალერი კვარჩიამ გააკეთეს.
შამბას თქმით, “სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთთან გაერთიანება მათი ნაციონალური ოცნებაა და აფხაზეთი მხარს უჭერს ჩვენი მოძმე რესპუბლიკის მცხოვრებელთა სწრაფვას”.
რაც შეეხება აფხაზეთს, შამბა ამბობს, რომ არც აფხაზეთის კონსტიტუცია და არც საზოგადოებრივი და პოლიტიკური განწყობები რუსეთთან შეერთებას არ ითვალისწინებს.
“ძალიან დიდი ფასი გვაქვს გადახდილი დამოუკიდებლობისთვის, ეს არის ჩვენი რამდენიმე თაობის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი. ამიტომაც ეს საკითხი არ განიხილება ჩვენს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში. მე არ ვინცობ პოლიტიკურ ძალას, პარტიას ან საზოგადოებრივ მოძრაობას აფხაზეთში, ვინც დამოუკიდებლობაზე უარს იტყოდა”.
ის, რომ აფხაზეთი რუსეთთან შეერთებას არ გეგმავს, დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმაც დაადასტურა ადგილობრივ მედიასთან საუბარში.
“სამხრეთ ოსეთის გადაწყვეტილება რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის შესაძლო ჩატარებაზე მათი სუვერენული უფლებაა. აფხაზეთის კონსტიტუცია აბსოლუტურად მკაფიოდ აღიარებს ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლად. რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ახლობელი სახელმწიფო, თუმცა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის განზრახვა ჩვენს რესპუბლიკაში არავის აქვს”,- აცხადებს კვარჩია.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი 10 აპრილის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე ადგილობრივ მოსახლეობას უახლოეს დროში რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ჰპირდება. მსგავსი განცხადებები მას აქამდეც არაერთხელ გაუკეთებია.
“სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში უახლოეს დროში შევა” – ბიბილოვი





