საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირი ცდილობს, გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ბიუროკრატიული პროცედურები დააჩქაროს.
„მივიღეთ დასტური, რომ ევროკავშირი ცდილობს, ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს. ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს განაცხადი უკვე გადაგზავნილ იქნა შესაბამის დეპარტამენტებში, რომლებმაც კითხვარი უნდა შეიმუშაონ“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სხვა დროს თუ [კითხვარის შემუშავების] პროცედურები თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, ახლა, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში დასრულდება.
„გამოიგზავნება კითხვარი, რომელიც ქვეყნის შესწავლის და ანალიზის საფუძველს წარმოადგენს. სხვა მხრივ, პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია, თუ რამდენად დაჩქარდება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენი სამუშაო უნდა შევასრულოთ“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარინა კალიურანდს, ევროპის პარლამენტში სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის პრეზიდენტ ირაქსე გარსია პერეზს.
საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ შეიტანეს.
