განახლება: ამ დროისთვის [31.03.2022, 13:08] უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გვერდიდან ინფორმაცია წაშლილია.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსი სამხედროები მარიუპოლში ქალს რამდენიმე დღის განმავლობაში, მცირეწლოვანი შვილის თვალწინ აუპატიურებდნენ.

„მარიუპოლში ოკუპანტები ქალს რამდენიმე დღის განმავლობაში, რიგრიგობით აუპატიურებდნენ მისი 6 წლის შვილის თვალწინ. მოგვიანებით ქალი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. მის მცირეწლოვან შვილს თმა გაუჭაღარავდა. ეს არ არის საშინელებათა ფილმი. გაუპატიურება, ძალადობა, მკვლელობა — აი, რას ნიშნავს „რუსული სამყარო“, — წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

მარიუპოლი რუსეთის შეიარაღებული ძალების ალყაშია მოქცეული და სისტემატურად ბომბავენ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მარიუპოლში 5 ათასი ადამიანი დაიღუპა და მათ შორის 210 ბავშვია. ქალაქი ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. რუსეთის თავდასხმების შედეგად ქალაქში მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, საკვები და წყალი. მარიუპოლში რუსეთმა დაბომბა სამშობიარო და თეატრის შენობა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. მარიუპოლში დაღუპულებს საერთო საფლავებში ან ხშირად ვერც მარხავენ.