ახალი ამბები

რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდა 31 მარტიდან არ დაიწყება — პესკოვი

30 მარტი, 2022 • 3012
რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდა 31 მარტიდან არ დაიწყება — პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდა 31 მარტიდან არ დაიწყება.

საუბარია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც 31 მარტისთვის რუსეთის მთავრობა გაზპრომის დირექტორთა საბჭოში დაამტკიცებს დირექტივას, რათა შეიცვალოს არსებული კონტრაქტები რუბლით გადახდის ვალუტაზე.

პესკოვს ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ გადახდის ახალი მექანიზმი ძალაში შევა დამტკიცების დღესვე. პესკოვის თქმით, გადახდა და მიწოდება დროში გაწელილი პროცესია.

„ისე არაა, რომ აი, მორჩა, ხვალ მოგვეწოდება და საღამოს უკვე გადახდილი უნდა იყოს. არა, ეს დროში მეტად გაწელილი პროცესია“, – განაცხადა პესკოვმა.


23 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია „არამეგობრულ“ ქვეყნებს გაზს მხოლოდ რუბლში მიჰყიდის.

პუტინმა რუსეთის მთავრობას და ცენტრალურ ბანკს ერთიკვირიანი ვადა მისცა, რათა გამონახონ გზა, თუ როგორ გადაიტანონ შესაბამისი ოპერაციები რუსულ ვალუტაში, რის შემდეგაც „გაზპრომი“ ცვლილებებს შეიტანს კონტრაქტებში. 31 მარტისთვის რუსეთის მთავრობა გაზპრომის დირექტორთა საბჭოში დაამტკიცებს დირექტივას, რომ შეიცვალოს არსებული კონტრაქტები რუბლით გადახდის ვალუტაზე.

„გაზპრომის“ მონაცემებით, მისი გაყიდვების 58%-ის ანაზღაურება ხორციელდება ევროში, 39% – დოლარში, 3%-ისა კი – გირვანქა სტერლინგში.

რუსეთი ევროპის გაზის მოხმარების დაახლოებით 40%-ს აკმაყოფილებს – „როიტერსის“ ცნობით, დღიურად, ევროპული ქვეყნები 200-დან 800 მილიონამდე ევროს ეკვივალენტს უხდიან მოსკოვს ევროსა და დოლარში.

ამასთან, ევროკავშირს, – რომლის ყველა ქვეყანაც შედის რუსეთის „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში ,- არ აუკრძალავს რუსეთიდან გაზის იმპორტი და რუსეთის წილის შემცირებას მხოლოდ რამდენიმე წელიწადში განიხილავს.

„არამეგობრული ქვეყნების“ სია, – ანუ ჩამონათვალი ქვეყნებისა, რომლებიც „რუსეთის ფედერაციის, რუსეთის იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ არამეგობრულ საქმიანობას ეწევიან“, – რუსეთის მთავრობამ პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის ბრძანებით, 2022 წლის 7 მარტს დამტკიცდა.

ასეთ ქვეყნებს შორის არიან შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და სხვები [სიაში არ არიან საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი].

თუმცა, გერმანიის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, “დიდი შვიდეულის” ქვეყნები რუსეთის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობენ და არ აპირებენ გაზის საფასურის რუსულ ვალუტაში, რუბლში გადახდას. მსგავსი განცხადება გააკეთა ევროკომისიამაც.

გირჩევთ წაიკითხოთ: რას (ვერ) მოუტანს რუსეთს გაზის რუბლში გაყიდვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი