ახალი ამბები

შესაძლოა, უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს მუშაობა აიკრძალოს

30 მარტი, 2022 • 1252
შესაძლოა, უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს მუშაობა აიკრძალოს

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში, რადაში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში რუსეთის საპატრიარქოს აკრძალვას გულისხმობს.

კანონპროექტი უკრაინის პარლამენტის ვებ-გვერდზე 29 მარტს განთავსდა. მისი ავტორი პარტია „სვაბოდას“ ლიდერი ოქსანა სავჩუკია.

კანონპროექტის თანახმად, უკრაინის ტერიტორიაზე ფუნქციონირება უნდა აეკრძალოს მოსკოვის საპატრიარქოსა და მის შემადგენლობაში შემავალ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას.

გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოსა და მის შემადგენლობაში შემავალ ორგანიზაციებს, კანონის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში, უნდა ჩამოერთვათ ქონება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ომის დაწყებამდე მოსკოვის საპატრიარქო ღიად უწყობდა ხელს უკრაინის საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას.

„(2014 წლის შემდეგ) ოკუპანტებისა და რუსეთის აგენტებისათვის მხარდაჭერა, ეკლესიებსა და მონასტრებში მათი დამალვის ფაქტები რეგულარული ხასიათის გახდა. მოსკოვის საპატრიარქო ასევე არის რუსული პროპაგანდის წყარო“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტს რადას შემდგომ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, რომელიც 5 აპრილს გაიმართება.

უკრაინაში ფუნქციონირებს ორი ძირითადი მართლმადიდებლური ეკლესია, მათ შორის, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც რუსეთის ეკლესიის უკრაინული განშტოებაა, და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია, რომლის ავტოკეფალიაც მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიების ნაწილმა ცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი