ახალი ამბები

პარლამენტს უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირებისთვის პატივი უნდა მიეგო – წითლიძე

29 მარტი, 2022 • 1143
პარლამენტს უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირებისთვის პატივი უნდა მიეგო – წითლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანი წითლიძის თქმით, დღეს, 29 მარტს, პარლამენტის პლენარული სხდომა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლებისთვის პატივის მიგებით უნდა დაწყებულიყო.

მისი თქმით, გარდა პარლამენტის მხრიდან პატივის მიგებისა, უკრაინაში დაღუპული მებრძოლები ძმათა სასაფლაოზე უნდა დაეკრძალათ და მათ სამძიმარზე პრემიერ-მინისტრი და უმაღლესი თანამდებობის პირებიც უნდა მისულიყვნენ.

წითლიძის თქმით, საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებას უკრაინაში დაღუპული მებროძოლების მიმართ წლების შემდეგ ისტორია გადააფასებს.

„მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტს დღეს სხდომა წუთიერი დუმილით უნდა დაეწყო და პატივი მიეგო უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირებისთვის – დავით რატიანისთვის, გია ბერუაშვილისთვის, ბახვა ჩიქობავასთვის და დავით გობეჯიშვილისთვის. ამ ადამიანებმა ყველაზე მთავარი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს უკრაინის და საქართველოს თავისუფლებას და ნამდვილად იმსახურებდნენ იმას, რომ დღეს საქართველოს პარლამენტს პატივი  მიეგო მათთვის“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

ანი წითლიძის თქმით, ის აპირებდა, რომ პარლამენტისთვის მიემართა უკრაინაში დაღუპულებისთვის წოდების მინიჭების შუამდგომლობით. თუმცა, როგორც მან განაცხადა,  „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მათთვის წოდების მინიჭება შეურაცხმყოფელი იქნებოდა.

„მე მინდოდა, დღეს მიმემართა პარლამენტისთვის და მეთხოვა, რომ შუამდგომლობა გაეწია საქართველოს პრეზიდენტისთვის, რომ ამ დაღუპულ ბიჭებს მიაგონ ღირსეული პატივი, მათ შორის, წოდებების მინიჭება. მაგრამ დღეს გისმინეთ და ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს უკრაინის და საქართველოს თავისუფლებას, ყველაზე შეურაცხმყოფელი იქნებოდა, რომ რაიმე სახის წოდება მიენიჭებინა პრორუს და მოღალატე ხელისუფლებას“, – განაცხადა ანი წითლიძემ.


უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს შეეწირა 4 ქართველი — დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი. დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს და 26 მარტს სამოქალაქო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

“რაც ჩვენ გვინდოდა, ძმათა სასაფლაოზე, არ მოხერხდა. ეს გავიგე… განაცხადი ხომ გვქონდა და არაფერი გამოხმაურება არ ყოფილა, არ ვიცი, ოფიციალურად იყო თუ არაოფიციალურად, კი გავიგე, რომ ვერ ხერხდება იქ…” ,— უთხრა მედიას რატიანის მეუღლემ, ია შაშვიაშვილმა, 25 მარტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი