ახალი ამბები

„თუ მთელ მსოფლიოს ჩვენ ვმართავთ, გაიწიეთ და გვამართინეთ ეს ქვეყანა“ — გოცირიძე

29 მარტი, 2022 •
„თუ მთელ მსოფლიოს ჩვენ ვმართავთ, გაიწიეთ და გვამართინეთ ეს ქვეყანა“ — გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძის თქმით,  პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლების წარუმატებლობის გასამართლებლად იმასაც იტყვის, რომ „ქართული ოცნების“ უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას.

ამის შესახებ გოცირიძემ დღეს, 29 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ  საწვავის ფასებზე აქციის უკან „ენმ“ დგას.

„გუშინ მორიგი სისულელე განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა. თურმე საწვავის გაძვირების საწინააღმდეგო აქციების უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“.  ადამიანები გამოვიდნენ ქუჩაში, გააპროტესტეს ის, რაც ხდება ლარის გაუფასურებისა და ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო და თურმე ენმ დგას მათ უკან.

მართლა შოკში აღმოჩნდებიან ეს დეპუტატები, რომ გაიგებენ, იცით რა, „ქართული ოცნების“ უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას. აი, ამას იტყვის ახლა ღარიბაშვილი. მთელი ეს ათწლიანი დანაშაული და წარუმატებელი საქმიანობა, ალბათ, ენმ-ს გადაბრალდება და თურმე ჩვენ თქვენ გმართავთ. ვინაიდან მთელ მსოფლიოს ვმართავთ – უკრაინას ჩვენ ვმართავთ, ამერიკის კონგრესს ჩვენ ვმართავთ და ევროპარლამენტს ჩვენ ვმართავთ, და თუ მთელ მსოფლიოს ჩვენ ვმართავთ, გაიწიეთ და გვამართინეთ ეს ქვეყანა“, – განაცხადა გოცირიძემ.


27 მარტს თბილისში საწვავის ფასების ზრდის გამო აქცია გაიმართა.  საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თბილისში, საწვავის ფასების ზრდის გასაპროტესტებლად მოწყობილი აქცია ორგანიზებული იყო პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. მისი განცხადებით, ფასების ზრდა მსოფლიო ტენდენციაა და, შესაბამისად, აისახება საქართველოზეც.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფლაციის დონე 7.9 პროცენტია, გერმანიაში – 2.88 პროცენტი, ევროზონის ქვეყნებში – 5,8 პროცენტი,  თურქეთში – 54.44 პროცენტი.

საქართველოში ინფლაციის დონე 13.7 პროცენტია, ხოლო ეროვნული ბანკის მიზნობრივი მონაცემი 3 პროცენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი