„ქართული ოცნების“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის მისამართით მისმა „დაგინებამ“ ხალხის აღფრთოვანება გამოიწვია. ამის შესახებ მან დღეს, 29 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ყაველაშვილმა ენმ-ის წევრებს ნაძირლები უწოდა და პარტიის იმ წარმომადგენლებს, რომელთაც სამშობლო უყვართ, მოუწოდა, რომ სანამ დროა, პარტიას გაემიჯნონ.
„ამ ომის და ბოროტების პარტიას მივმართავ, არ გამოგივათ და ახალგაზრდებსაც მივმართავ, თუ ვინმე არის და მეც მეგულება ზოგიერთი სამშობლოს სიყვარულით გამსჭვალული ადამიანი, სანამ დრო არის, მოგიწოდებთ, ახლა რჩევას გაძლევთ, აღარ ვიგინები, არ მინდა, რომ ამ პროექტის ნაწილებად დარჩეთ მთელი ცხოვრება. სანამ დროა, გაემიჯნეთ და გადით ამ პარტიიდან[…]
სამწუხაროა, ჩემმა დაგინებამ ხალხში აღფრთოვანება გამოიწვია, შეიძლება ასეთი რეალობა არსებობდეს?! – ხალხი მირეკავდა და გახარებული იყო, იმიტომ, რომ ასეთი ნაძირლების პარტია ბრძანდებით. გახარებული იყო ხალხი, შეიძლება ასეთი რამე იყოს?!“- განაცხადა ყაველაშვილმა.
პირველ მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების დროს, “ქართული ოცნების” წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა შეიგინა.
ყაველაშვილმა ოპოზიციას უპასუხა, რომ “ქართული ოცნება” იზიარებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხმაურიან განცხადებებს უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით და არ აპირებს გაემიჯნოს.
ყაველაშვილმა ოპოზიციას 2008 წელს მიღებული რეზოლუცია შეახსენა და უთხრა, რომ რუსულ საქმეს სწორედ ოპოზიცია აკეთებს და თავისი სიტყვა გინებით დაასრულა.
“თქვენსა და ჩვენ შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა, იმის დედას შ…”, -მიმართა ოპოზიციას ყაველაშვილმა.
პასუხად ოპოზიციამ ყაველაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტა მოითხოვა.