ახალი ამბები

დღეის მდგომარეობით 55 ათასამდე აბონემენტია გაყიდული — კალაძე

29 მარტი, 2022 • 779
დღეის მდგომარეობით 55 ათასამდე აბონემენტია გაყიდული — კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამ დროისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის 55 ათასამდე სამგზავრო აბონემენტია გაყიდული. ამის შესახებ მან დღეს, 29 მარტს, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თუმცა კალაძეს არ დაუკონკრეტებია, რომელი კატეგორიის აბონემენტი რა რაოდენობით გაიყიდა. გაყიდული აბონემენტების შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს ორი თვეა თბილისის მერიიდან აქვს გამოთხოვილი და მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

„დღეის მდგომარეობით 55 ათასამდე აბონემენტია გაყიდული. რა თქმა უნდა, სხვადასხვა კატეგორიის, და ეს პროცესი გრძელდება, რაც ძალიან კარგია და მისასალმებელია. რაც შეეხება აბონემენტების საბანკო ბარათებზე მიბმას, მაისისთვის უკვე შესაძლებელი იქნება ამ პროექტის განხორციელება, ამ პროგრამის ჩაშვება და აბონემენტები შესაძლებელი იქნება მიებას საბანკო ბარათს და მგზავრს აღარ მოუწიოს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება. მის საბანკო ბარათზე შესაძლებელი იქნება ჩაირთოს ნებისმიერ ვადიანი აბონემენტის პროგრამა“, – განაცხადა კალაძემ.


თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონენტო სისტემას დაინერგა, რის მიხედვითაც ახალი ფასები ასე განაწილდა:

  • ერთჯერადი მგზავრობა, ნაცვლად 50 თეთრისა, იქნება 1 ლარი. ამ შემთხვევაშიც, მომდევნო 90 წუთის განმავლობაში ნებისმიერი სხვა ტრანსპორტით მგზავრობა იქნება უფასო;
  • ერთდღიანი ულიმიტო აბონემენტის ღირებულება იქნება 3 ლარი;
  • ერთკვირიანი — 20 ლარი;
  • სამთვიანი — 100 ლარი;
  • ერთწლიანი — 250 ლარი;
  • ძალაში რჩება სოციალური შეღავათები. მაგალითად, სტუდენტებისთვის და პენსიონერებისთვის მგზავრობის საფასური 20 თეთრი დარჩება, სოციალურად დაუცველთათვის კი- 10 თეთრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი