გერმანიის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, “დიდი შვიდეულის” ქვეყნები რუსეთის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობენ და არ აპირებენ გაზის საფასურის რუსულ ვალუტაში, რუბლში გადახდას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რობერტ ჰაბეკის თქმით, რუსეთის მოთხოვნა არსებული კონტრაქტის აშკარა დარღვევა იყო.

“რუბლით გადახდა მიუღებელია და დაზარალებულ კომპანიებს მოვუწოდებთ, რომ პუტინის მოთხოვნას არ დათანხმდნენ”, – განაცხადა ჰაბეკმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსეთი “არამეგობრულ” ქვეყნებს გაზს მხოლოდ რუბლში მიჰყიდის.

„რუსეთი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი რაოდენობით და ფასით, რასაც უკვე დადებული კონტრაქტები ითვალისწინებს. ცვლილება შეეხება მხოლოდ ანაზღაურების ვალუტას“, – განაცხადა პუტინმა 23 მარტს სატელევიზიო მიმართვაში და თქვა, რომ რუსეთი გაყიდული გაზისთვის თანხას მხოლოდ რუბლში მიიღებს.

ამავე განცხადებაში პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მთავრობას და ცენტრალურ ბანკს ერთი კვირა ჰქონდათ იმისთვის, რომ გამოენახათ გზები, თუ როგორ უნდა გადაეტანათ შესაბამისი ოპერაციები რუსულ ვალუტაში, რის შემდეგაც “გაზპრომი” კონტრაქტებში ცვლილებებს შეიტანდა.

„გაზპრომის“ მონაცემებით, მისი გაყიდვების 58%-ის ანაზღაურება ხორციელდება ევროში, 39% – დოლარში, 3% კი – გირვანქა სტერლინგში.

ევროპის გაზის მოხმარების დაახლოებით 40% სწორედ რუსეთზე მოდის.

რუსეთის მთავრობამ 7 მარტს დაამტკიცა “არამეგობრული” ქვეყნების სია, რომელშიც შედიან: ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, ავსტრალია, ალბანეთი, ანდორა, გაერთიანებული სამეფო და მისი საზღვარგარეთის ტერიტორიები, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტეინი, მიკრონეზია, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, სამხრეთ კორეა, სან მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, ტაივანი (ჩინეთი), უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია და იაპონია.

“დიდი შვიდეულის” ქვეყნებია: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, აშშ და კანადა.