ახალი ამბები

ნათია კობერიძე: “ჟურნალისტური სტანდარტი არ დამირღვევია”

8 აგვისტო, 2011 • 2548
ნათია კობერიძე: “ჟურნალისტური  სტანდარტი არ  დამირღვევია”


 

ინტერვიუ იმედისიმიტირებული ქრონიკისთანდევი თოქშოუს წამყვანთან, ნათია კობერიძესთან:

 

_ ნათია, იცოდით თუ არა, რომ რეპორტაჟზე წარწერა _ “იმიტირებულიარ იქნებოდა?

_ არა, არ ვიცოდი. ეს ჩემს დონეზე არ გადაწყვეტილა. მე არც სიუჟეტის მომზადებაში მიმიღია მონაწილეობა. მე მოვამზადე დისკუსია, შესავალი და დასასრული. ტექნიკურად ეს როგორ განხორციელდა, არ ვიცი. ამასთან შეხება არ მქონია.

_ ტექსტი, რომელსაც სიუჟეტის დასაწყისსა და დასასრულში ამბობთ, თქვენ მოამზადეთ?

_ 36 წლის ვარ და როგორ ფიქრობთ, ტექსტებს ვინმე მიწერს? ტექსტი მოვამზადე მე.

_ ამ გადაცემის გამო ადამიანები პანიკაში ჩავარდნენ

_ რაზეც მე რამდენჯერმე მოვიხადე ბოდიში. ახლაც გამოვთქვამ მწუხარებას. გადაცემას ჰქონდა ძალიან სერიოზული მიზანი. მე არ მინდოდა ეს მიზანი დაკნინებულიყო, თუმცა ასე მოხდა. საზოგადოების ნაწილმა შოკად მიიღო. ჩემი აზრით, ეს სიუჟეტი ტიტრიანიც იქნებოდა შოკის მომგვრელი, უბრალოდ, არ გამოიწვევდა პანიკას, ეს იყო შოკზე გათვლილი. მე მეტსაც გეტყვით, არ ვიყავი წინააღმდეგი იმიტირებული საფრთხეების. აღმოჩნდა, რომ ამ ფორმამ, როცა მას დააკლდა ტექნიკურად განმარტება, რომ ეს იყო იმიტაცია, გამოიწვია ასეთი რეაქცია.

_ თქვენ ხართ ეთიკის ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტი, აპირებთ თუ არა ეთიკის საბჭოსთან შეხვედრას?

_ საბჭოს წევრმა დამირეკა გუშინ. ვაპირებ კოლეგებთან შეხვედრას და საუბარს. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მე ჟურნალისტური სტანდარტი იმ ნაწილში, სადაც მე ვაგებ პასუხს, რაც მე მოვამზადე, არ დამირღვევია. მე ვიყავი ეთერში, იქ სტანდარტი არ დარღვეულა. როცა მივხვდი, რომ სხვა მიზეზების გამო დაირღვა სტანდარტი და შეიქმნა პრობლემა, რამდენჯერმე მოვიხადე ბოდიში. ეს მეექვსე გადაცემაა, რომელიც ჩემი ავტორობით მომზადდა და არსად არ ყოფილა არანაირი სტანდარტის პრობლემა. პირიქით, ჩემი და ჩემი გუნდის მიერ მომზადებული გადაცემები ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალურია ქართულ ტელესივრცეში.  

_ გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას ამ ფაქტის გამო?

_ რა თქმა უნდა. მე არ ვერიდები პასუხისმგებლობას. ეს ყველას გუნდური პასუხისმგებლობაა, თუმცა გარწმუნებთ, რომ მქონოდა შესაძლებლობა, რაიმე მექანიზმი (ტექნიკური), ტიტრს აუცილებლად დავადებდი. “ქრონიკა” მოამზადა “ქრონიკის” ჯგუფმა და გავიდა სპეციალურ რეპორტაჟში ამ ფორმით. საუბარია იმაზე, რომ ამ ტიპის გადაცემის გაშვება არ შეიძლება, დემაგოგიაა. მარეგულირებელმა კომისიამ დაასკვნა, რომ ის რაც გავიდა განმარტების გარეშე, იყო მარეგულირებელი კომისიის კანონის დარღვევა, ამის გამო მოიხადა ტელეკომპანიამ ბოდიში, მეც მოვიხდი ბოდიშს რამდენჯერაც საჭირო იქნება. ვფიქრობ, თანდათან ეს ინციდენტი უნდა ამოიწუროს…  

_ ზოგადად იმიტირებული სიუჟეტების მომზადება რამდენად არის მედიის ფუნქცია? როგორია თქვენი, როგორც ჟურნალისტის აზრი?

_ საავტორო გადაცემაში ამ ფორმის გამოყენება შესაძლებელია. პროფესიულ წრეებში ეს შეიძლება იყოს დავის საგანი, მაგრამ მე ასევე არანაკლებ სადავოდ მიმაჩნია სხვა პროდუქტი, რომელიც გადის ჩვენი და სხვა ტელევიზიების ეთერში. თუ საზოგადოების შოკსა და იმიტირებულ რეალობაზეა საუბარი, ეს სხვა ტელეკომპანიებს არაერთხელ გაუკეთებიათ. ტელეკომპანია “იმედი” პატარკაციშვილის დროს ისეთ იმიტაციას აკეთებდა, რაც არავის დაესიზმრება. წლების განმავლობაში თავიდან ბოლომდე იმიტირებული რეალობა იყო. მე არ ვიხსნი პასუხისმგებლობას _ საზოგადოებას ვერ განვუმარტეთ, რომ ეს არ იყო რეალობა. ვერავინ ვერ შემომედავება იმაზე, რომ წარსულის გაცოცხლება, მომავლის მოდელირება საავტორო გადაცემაში შეცდომაა, ხარისხზე შესაძლებელია დავა.

_ შელახული იმიჯის აღდგენას როგორ აპირებთ?

_ თქვენ მიიჩნევთ, რომ ჩემი იმიჯი შელახულია?

_ გიორგი არველაძემ განაცხადა, რომ შელახული იმიჯის აღსადგენად ყველაფერს გააკეთებს

_ გიორგი არველაძეს ჰკითხეთ, როგორ აპირებს ამას. მე გადაცემის ავტორად და წამყვანად ვრჩები.

ნათია კობერიძე
ნათია კობერიძე

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი