ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აზერბაიჯანმა 24-25 მარტს ყარაბაღში Bayraktar TB2-ები გამოიყენა” – რუსეთი

26 მარტი, 2022 • 3885
“აზერბაიჯანმა 24-25 მარტს ყარაბაღში Bayraktar TB2-ები გამოიყენა” – რუსეთი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დღეს, 26 მარტს გამოეხმაურა სომხური მხარის ცნობას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის არმია მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ზონაში შევიდა.

“24 – 25 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადება და მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსული სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ და სადამკვირვებლო საგუშაგო ჩადგეს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც სომხური და რუსული მედიები ავრცელებენ.

გარდა ამისა, როგორც რუსული მხარე აცხადებს, აზერბაიჯანულმა ჯარებმა დასახლებული პუნქტ ფურახში მთიანი ყარაბაღის დანაყოფებს Bayraktar TB2- ის უპილოტო საფრენი აპარატებით ოთხი დარტყმა მიაყენეს.

მოსკოვის ოფიციალური ცნობით, ამჟამად რუსული სამშვიდობო კონტინგენტი სიტუაციის დასარეგულირებლად და ჯარების საწყის წერტილში დასაბრუნებლად მუშაობს. აზერბაიჯანულ მხარეს კი, როგორც რუსული მხარე იუწყება, ჯარის გაყვანაზე მიმართვა გაეგზავნა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ჯარებმა გადალახეს კონტაქტის ხაზი და სოფელი ფარუხი დაიკავეს, რომელსაც მანამდე აკონტროლებდა დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის (არცახის) რესპუბლიკა. აზერბაიჯანულმა მხარემ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ სომხური მხარის ცნობები ესკალაციის შესახებ, იქ, სადაც რუსული სამშვიდობო კონტინგენტია განთავსებული, არ შეესაბამება სიმართლეს.

ამავე თემაზე:

უკრაინის ომი და ყარაბაღი – რა ხდება რეგიონში

მასალების გადაბეჭდვის წესი