ახალი ამბები

ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით, წერტილი — ბაიდენი უკრაინელებს

26 მარტი, 2022 • 1175
ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით, წერტილი — ბაიდენი უკრაინელებს

“ჩემი გზავნილი უკრაინის ხალხის მიმართ… ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად, წერტილი”, — თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში.

ბაიდენმა აუდიტორიას სიტყვით 26 მარტის საღამოს, პოლონეთის პრეზიდენტთან, უკრაინის ორ მინისტრთან და უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ მიმართა.

ბაიდენის თქმით, კიევში, მარიუპოლსა და ხარკოვში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები წარმოადგენს უკანასკნელ ბრძოლებს ხანგრძლივი ჭიდილის ისტორიიდან.

“უნგრეთი 1956 წელს, პოლონეთი 1956 წელს და შემდეგ 1981 წელს, ჩეხოსლოვაკია 1968 წელს — საბჭოთა ტანკებმა ჩაახშეს დემოკრატიული აჯანყებები, მაგრამ წინააღმდეგობა გაგრძელდა მანამ, სანამ საბოლოოდ 1989 წელს ბერლინის კედელი და საბჭოთა ბატონობის ყველა კედელი არ დაინგრა და ხალხმა გაიმარჯვა”.

“დემოკრატიისთვის ბრძოლა ვერ დასრულდა და არ დასრულებულა ცივი ომის დამთავრებით”, — დასძინა მან.

”ბოლო 30 წლის განმავლობაში ავტოკრატიის ძალები აღზევდნენ მთელ მსოფლიოში, მათთვის დამახასიათებელი ნიშნები ცნობილია: კანონის უზენაესობის ზიზღი, დემოკრატიული თავისუფლების ზიზღი, თავად ჭეშმარიტების ზიზღი”, — აღნიშნა ბაიდენმა.

მისი სიტყვებით, დღეს პუტინმა “დაახრჩო დემოკრატია” და ამის გაკეთებას შეეცადა არამხოლოდ თავის ქვეყანაში, არამედ სხვაგანაც. მან ცინიკური სიცრუე უწოდა პუტინის მტკიცებას, რომ სამხედრო კამპანია უკრაინის “დენაციფიკაციას” ემსახურება.

“ეს სიცრუეა. უბრალოდ ცინიკურია. მან ეს იცის. და ასევე, უხამსი. პრეზიდენტი ზელენსკი დემოკრატიულად აირჩიეს. ის ებრაელია. მამამისის ოჯახი ნაცისტების ჰოლოკოსტის დროს განადგურდა”, — განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, უკრაინა და მისი ხალხი “ერის გადასარჩენად იბრძვიან” და ამ ბრძოლის მოსაგებად დღეები თუ თვეები საკმარისი არ იქნება.

“მომავალი ხანგრძლივი ბრძოლისათვის უნდა მოვამზადოთ საკუთარი თავები”, — განაცხადა მან.

ბაიდენის თქმით, ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, “ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის, თავისუფლებასა და რეპრესიებს შორის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი