ახალი ამბები

ის ყასაბია — ბაიდენი პუტინზე

26 მარტი, 2022 • 10673
ის ყასაბია — ბაიდენი პუტინზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს “ყასაბი” უწოდა. ეს რეპლიკა ბაიდენმა ვარშავაში, უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ, 26 მარტს გაახმიანა.

ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, რას ფიქრობს პუტინზე ლტოლვილების მონახულების შემდეგ, რაზეც ბაიდენმა მიუგო:

“ის ყასაბია”.

პუტინის მიმართ ჯო ბაიდენის რიტორიკა ბოლო პერიოდში, უწინდელთან შედარებით, მეტად ხისტი გახდა. გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა პირველად მოიხსენია რუსეთის ლიდერი “ომის დამნაშავედ”, შემდეგ კი უწოდა “მკვლელი დიქტატორი, ავაზაკი, რომელიც ამორალურ ომს აწარმოებს უკრაინის ხალხის წინააღმდეგ”.

ჯო ბაიდენი პოლონეთში პარასკევს ჩავიდა, შაბათს კი შეხვდა როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, ანჟეი დუდას, ისე უკრაინის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

გაეროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 3.7 მილიონმა ადამიანმა დატოვა. აქედან 2 მილიონზე მეტმა პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა.

როგორ დასრულდა ბაიდენის შეხვედრა უკრაინის საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან პოლონეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი