ევროკავშირი სოლიდარობის ფონდს შექმნის ომის შედეგად დაზარალებული უკრაინის აღდგენისთვის. ამის შესახებ ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ევროპულმა საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის, უკრაინის მთავრობას დაუჭიროს მხარი მისი გადაუდებელი საჭიროებებისთვის და დემოკრატიული უკრაინის აღდგენისთვის მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდასხმა შეწყდება. ამ მიზნით, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის სოლიდარობის ნდობის ფონდის შექმნაზე“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს განცხადებაში.
ევროპულმა საბჭომ ასევე განაცხადა უკრაინის სოლიდარობის ნდობის ფონდის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციის მოწვევასთან დაკავშირებით და ამასთან, მოუწოდა ევროკომისიას გააგრძელოს უკრაინის დახმარება, რათა საჭირო რეფორმები გაატარონ.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.








