ახალი ამბები

ნატო რუსეთის შეჭრით დაზარალებულ ქვეყნებს კონკრეტულ წინადადებებს აპრილში შესთავაზებს

24 მარტი, 2022 •
ნატო რუსეთის შეჭრით დაზარალებულ ქვეყნებს კონკრეტულ წინადადებებს აპრილში შესთავაზებს

ნატოს განცხადებით, იმ პარტნიორების დასახმარებლად, რომლებიც რუსული საფრთხისა და რუსეთის შეჭრის შედეგად არიან დაზარალებული, ალიანსი აპრილში განიხილავს კონკრეტულ წინადადებებს.

ალიანსმა განცხადება დღეს, 24 მარტს, წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

„ჩვენ (უკვე) უზრუნველვყოფთ ინდივიდუალურ მხარდაჭერას რუსული საფრთხისა და შეჭრის შედეგად დაზარალებულ პარტნიორების და (მომავალშიც) გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას, რათა დავეხმაროთ მათ, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის მავნე გავლენებს და გააძლიეროს საკუთარი მედეგობა, ამ პარტნიორების მოთხოვნისა და ჩენი ხანგრძლივი პარტნიორობის პროგრამებიდან გამომდინარე.

აპრილში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ კონკრეტულ წინადადებებს ამ პარტნიორების მიმართ ჩვენი მხარდაჭერის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია ნატოს წევრი სახელმწიფოების ერთობლივ განცხადებაში.

მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა არიან იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსული საფრთხის წინაშე დგანან.

მასალების გადაბეჭდვის წესი