ახალი ამბები

კომისიამ „ალტ ინფოზე“ ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა, მაგრამ საჩივარი არ მიიღო

24 მარტი, 2022 • 1280
კომისიამ „ალტ ინფოზე“ ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა, მაგრამ საჩივარი არ მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, „ალტ ინფოს“ გადაცემაში ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა, თუმცა ტელევიზიის წინააღმდეგ ედუარდ მარიკაშვილის საჩივარი დაუშვებლად ცნო.

კომისიის განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ კანონით ომის პროპაგანდის გავრცელების შემთხვევაში რეაგირება შესაძლებელია მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. თუმცა საკითხის შესწავლისას კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ საჩივარში მოყვანილი მსჯელობები სცდება ცალკეული დანაშაულის გამართლების ფარგლებს და გადაცემაში ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა:

„ომის პროპაგანდა თავისი არსით ისეთი დარღვევაა, რომლის გავრცელებაც მოქმედი კანონმდებლობით 24 საათის განმავლობაში სრულად იკრძალება. აქედან გამომდინარე დაუშვებელია, ის მხოლოდ არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენ გადაცემად, ვინაიდან, რომელ საათზეც არ უნდა გავრცელდეს ომის პროპაგანდის შემცველი ინფორმაცია მაუწყებლის ეთერში, ის ყოველთვის წინააღმდეგობაშია მაუწყებლობის შესახებ კანონის პრინციპებთან“, – ამბობს კომუნიკაციების კომისია.

კომისიის განცხადებით, ედუარდ მარიკაშვილი „ალტ ინფოს“ სამართალდამრღვევად ცნობას ითხოვდა არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მქონე ინფორმაციის გავრცელებისთვის.

საჩივრის მიხედვით, ტელეკომპანია ცდილობდა რუსეთის აგრესიული სამხედრო ინტერვენციის ეფექტების ნორმალიზაციას, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის მორალური საფუძვლის წარმოჩენასა და მის დასაბუთებას. გამომდინარე აქედან, კომისიის განცხადებით, საჩივრის ავტორი მიიჩნევდა, რომ სახეზეა დანაშაულებრივი ქმედებების გამართლება და კრიმინალის გაიდეალება. კომისიამ განმარტა, რომ ომის პროპაგანდის დაყვანა მხოლოდ არასრულწლოვნებისთვის მავნე ზეგავლენის მომხდენ პროგრამამდე, წინააღმდეგობაში მოვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის არსთან და პრინციპებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი