მარნეულის სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა აქტივისტ სამირა ბაირამოვას, რომელმაც გასულ კვირას უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა “ალტ-ინფოს” პარტიის ადგილობრივი ოფისის ფანჯრებზე. ბაირამოვას ედავებოდნენ ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას.
აქტივისტის ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი, ნანა ტყაბლაძე იცავდა. მისი თქმით, სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და არ დააჯარიმა სამირა ბაირამოვა:
“სამართალდარღვევის ოქმი შედგა 15 მარტს. “ალტ-ინფომ” მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. დავა მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებაზე. ეს არის არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი.
ეს მუხლი ითვალისწინებდა პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ, რომ სამართლოს ეხელმძღვანელა 22-ე მუხლით [მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა], რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებას”.
რა ხდებოდა მანამდე
მარნეულელმა აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ “ალტ-ინფოს” პარტიის, პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის ფანჯრებზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები 14 მარტს დახატა, რის შემდეგაც თქვა, რომ ემუქრებოდნენ.
17 მარტს ბაირამოვამ განაცხადა, რომ „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია მოუწყვეს, კვლავ ემუქრებოდნენ და ორ დღეს აძლევდნენ. აქტივისტის ინფორმაციით, აღნიშნული აქცია მარნეულში, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ ის ამ პარტიის წევრი არ არის.
რამდენიმე დღის შემდეგ, 20 მარტს, ბაირამოვამ თქვა, რომ „ალტ-ინფომ“ მუქარა შეასრულა და მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის გარეფასადზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვა.
“ალტ-ინფოს” პარტიის ოფისების გახსნა მოქალაქეებმა არაერთ ქალაქში სხვადასხვა ფორმით გააპროტესტეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი “კონსერვატიულ მოძრაობას”საოფისე ფართი დაატოვებინეს. ასე მოხდა მესტიაში, ხულოსა და შუახევში.