საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში თითქმის 20 000 უკრაინელი იმყოფება.
ამის შესახებ კასიანოვმა დღეს, 23 მარტს, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„თქვენ იცით, რომ საქართველოშიც იმყოფებიან უკრაინელები. მათი რაოდენობა თითქმის 20 000-ია და ეს ციფრი ყოველდღე იცვლება. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში უკრაინის საელჩო მჭიდროდ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რომ დახმარებასა და მხარდაჭერას ჰქონდეს სისტემური ხასიათი.
უკვე 58 უკრაინელი ბავშვი სწავლობს სკოლებში. 50-მდე ბავშვის მშობელმა შეიტანა განაცხადი სკოლებსა და ბაღებში ჩარიცხვის შესახებ. უახლოეს მომავალში ჩვენ აუცილებლად მოვინახულებთ ამ სკოლებს, გავესაუბრებით ბავშვებს, მათ მშობლებს და სკოლის ხელმძღვანელებს. მადლობას ვუხდით საქართველოს ასეთი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა კასიანოვმა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.