ახალი ამბები

კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებულმა ბელარუსში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

23 მარტი, 2022 • 1036
კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებულმა ბელარუსში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმაში ბრალდებულმა ბელარუსში თავშესაფარი მიიღო.

ამერიკის მოქალაქე, ევან ნოიმანი თავდაპირველად უკრაინაში გაიქცა, შემდეგ კი ბელარუსში გადავიდა, სადაც თავშესაფარი მოითხოვა, რადგან, მისი განცხადებით, ამერიკაში პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი იყო.

ბელარუსული მხარის თანახმად, ნოიმანი იძულებული იყო აგვისტოს თვეში არალეგალურად გადაეკვეთა ბელარუსი-უკრაინის სახელმწიფო საზღვარი, რადგან უკრაინაში ადგილობრივი სპეცსამსახურების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია.

„მოხარული ვარ, რომ ბელარუსმა ჩემზე იზრუნა. ნაწყენი ვარ, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, როდესაც ჩემს სამშობლოში პრობლემები მაქვს“, – განაცხადა მან.

მას ამერიკაში ექვსი სხვადასხვა ბრალი აქვს წარდგენილი, მათ შორის, კაპიტოლიუმის შენობაში ძალადობრივი შეჭრა და პოლიციის ოფიცრებზე თავდასხმა.

ბელარუსსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვთ გაფორმებული შეთანხმება დასაკავებელ პირთა ექსტრადიციის შესახებ.

2021 წლის 6 იანვარს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში იმ დროს შეიჭრნენ, როდესაც ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობდა.

დონალდ ტრამპის მხარდაჭერების აზრით, არჩევნები გაყალბდა.

შეჭრის შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა ასობით ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი