ახალი ამბები

22 არასამთავრობო ორგანიზაციის წინადადებები მთავრობას

23 მარტი, 2022 • 1341
22 არასამთავრობო ორგანიზაციის წინადადებები მთავრობას

არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, უკრაინაში ომის ფონზე, საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მის გარშემო მიმდინარე მოვლენების შედეგად მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურის და ზოგადად მსოფლიო წესრიგის გადახედვის მოწმენი ვხდებით, ხოლო მსოფლიოს უდიდესმა ნაწილმა გააკეთა არჩევანი მშვიდობის, დასავლური სამყაროს ერთიანობის, წესრიგსა და თანასწორობაზე დამყარებული სტაბილურობის სასარგებლოდ.

არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, საქართველოსთვის, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა და არაერთგზის იწვნია რუსეთის აგრესია და ექსპანსიონიზმი, ეს არჩევანი ყოველთვის ცხადი იყო. მათი თქმით, ახლა ჩნდება ისტორიული შანსი, რომ წარმატებით დაგვირგვინდეს ქართველების მრავალი თაობის სურვილი და ნაღვაწი, რომ საქართველო რეალურად გახდეს დასავლური სამყაროს სრულუფლებიანი წევრი, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციითაა განსაზღვრული.

„ამიტომ, დღეს საქართველოს პოზიციაში ეჭვი არავის უნდა შეჰქონდეს – ის ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იდგეს დასავლეთის და განვითარებული მსოფლიოს გვერდით, საპირისპირო გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი არ დაუშვებს! სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ბუნდოვანი და არათანმიმდევრული რიტორიკა ეჭვებს აჩენს მისი, როგორც დასავლეთის ქვეყნების პარტნიორის სანდოობასთან და ერთგულებასთან დაკავშირებით“, — აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მათ საჭიროდ მიაჩნიათ შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

  • მმართველმა ძალამ ღიად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსიროს ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ასევე, დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ნაბიჯებისადმი, და შეწყვიტოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შემლახველი პოზიციონირება; მკაფიოდ განაცხადოს, რომ ის ერთგულია დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის;
  • „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მოქალაქეების ომით დაშინება და ამ გზით მათი დემორალიზება, რაც ბოლო პერიოდში გამოკვეთილ პროპაგანდისტულ ხაზად გასდევს არა მხოლოდ მმართველი ძალის წარმომადგენელთა განცხადებებს, არამედ გააქტიურებულია მათთან აფილირებული პირების რიტორიკაშიც;
  • „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვას სიძულვილის ენაზე, დადგეს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა და გააკეთოს ყველაფერი საზოგადოებაში პოლარიზაციის შესამცირებლად;
  • მთავრობამ საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯები იდგმება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის ადვოკატირების კუთხით;
  • საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის მონაწილეობით შედგეს უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული შეხვედრა და საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების თაობაზე;
  • პარლამენტში, უმრავლესობის, ოპოზიციის, მთავრობისა და ექსპერტული წრეების მონაწილეობით, შედგეს განხილვა, თუ როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და საპასუხოდ მისი სანქცირების შედეგები და რა არის ამ ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი.

არასამთავრობო ორგანიზაციები მზადყოფნას გამოთქვამენ, ამ ნაბიჯების გადადგმაში ჩაერთონ. განცხადებას ხელს 22 არასამთავრობო ორგანიზაცია:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI Georgia)
  2. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  3. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  4. ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  5. ცენტრი “ემპათია”
  6. კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  7. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  8. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  9. საზოგადოება და ბანკები
  10. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  11. საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)
  12. მწვანე ალტერნატივა
  13. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  14. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი
  15. ევროპის ფონდი
  16. უფლებები საქართველო
  17. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  18. ლიბერალური აკადემია
  19. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  20. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  21. საფარი
  22. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

მასალების გადაბეჭდვის წესი