რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჟურნალისტ ალექსანდრე ნევზოროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსული არმიის შესახებ ყალბის ცნობების გავრცელების ბრალდებით.
გამომძიებლებმა თქვეს, რომ ნევზოროვმა „ცრუ ინფორმაცია გამოაქვეყნა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქ მარიუპოლში სამშობიარო საავადმყოფოს განზრახ დაბომბვის შესახებ“. „მედუზას“ ცნობით, ჩანაწერები მარიუპოლში სამშობიარო სახლის დაბომბვის შესახებ ჟურნალისტმა 9 მარტს „ინსტაგრამზე“, ხოლო 19 მარტს „იუთუბზე“ გამოაქვეყნა.
თავად ნევზოროვს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი.
9 მარტს რუსეთის ძალებმა სამხრეთ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში საავადმყოფო დაბომბეს. შედეგად დაშავდა 17 პირი, რომელთა შორისაც არის როგორც საავადმყოფოს პერსონალი, ისე — პაციენტები. დაბომბვისას მძიმედ დაჭრილი ორსული ქალი მოგვიანებით დაიღუპა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მარიუპოლში სამშობიარო საავადმყოფოს დაბომბვისას შენობაში მშვიდობიანი მოსახლეობა არ იყო და ეს ადგილი აზოვის ბატალიონის მებრძოლებს ჰქონდათ დაკავებული. ამის შესახებ ლავროვმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე, უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლავროვი ირწმუნება, რომ მარიუპოლის სამშობიაროში აზოვის ბატალიონი იდგა