ახალი ამბები

COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი „პაქსლოვიდი” საქართველოში ჩამოვიდა

22 მარტი, 2022 • 1506
COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი „პაქსლოვიდი” საქართველოში ჩამოვიდა

COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატის, “პაქსლოვიდის” პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა.  ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი ხელმისაწვდომი ხდება და ის პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ.

„პაქსლოვიდი“ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი პირველი ყველაზე ეფექტური წამალია. მედიკამენტი ვირუსის გამრავლების უნარის შეზღუდვას ახდენს.  ინფიცირების დადასტურებისთანავე „პაქსლოვიდის“ გამოყენების შემთხვევაში, დაავადება ვეღარ პროგრესირებს, რაც ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. მედიკამენტი 90%-მდე იცავს დაავადების გართულებისგან. 

„პაქსლოვიდით“ მკურნალობა ვირუსის დადასტურების ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს. მკურნალობის კურსი 5 დღეს მოიცავს“, – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.

მათივე განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, კლინიკური ჯგუფის ექსპერტებთან ერთად, უკვე შემუშავებულია შესაბამისი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ის პრიორიტეტული პაციენტები განისაზღვრა, ვისთვისაც მედიკამენტებია განკუთვნილი.

მათივე განმარტებით, პრეპარატის გამოყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იმ პაციენტებში მოხდება, ვისაც პროგნოზით დამძიმების მაღალი რისკი აქვთ, როგორიცაა ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ხანდაზმულები და ა.შ. 

პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას პაციენტის ოჯახის ექიმი მიიღებს და მისი მიწოდება ბინაზე მოხდება. 

COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი კომპანია Pfizer-მა შექმნა.  „პაქსლოვიდი“ აღიარებულია, როგორც აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA), ასევე, ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ. პრეპარატი უკვე ფართოდ გამოიყენება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის ქვეყნებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი